დატბორილ სახლებში დილიდან მუშობდა ქუთაისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახური. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის ელგუჯა ბანძალაძის თქმით დაითვლება ზარალი და დაზარალებული მოსახლეობა შესაბამის დახმარებას მიიღებს.
ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდა გურჯაანის რაიონიც – ინფორმაციას მომხდარის შესახებ კახეთი საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
წყალდიდობის შედეგად დატბორილია სახლების პირველი სართულები და ეზოები. ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე სოფელი ელექტორენერგიის გარეშეა დარჩენილი.
„ფალიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე სახლის ეზო დაიტბორა, სოფელ ძირკოკში კი წყალი ერთ–ერთ მაღაზიაში შევარდა. გზა დატბორილი იყო გურჯაანში ფოსტის შენობის წინ და ავტომანქანებს მოძრაობა უჭირდათ. ჩვენმა თანამშრომლებმა წყალი უკვე ამოტუმბეს. გზაზე მოძრაობა აღდგენილია. ამჟამად გამოძახება სოფელ ბაკურციდიდან გვაქვს, შეგვატყობინეს რომ წყალმა საცხოვრებელი სახლი დატბორა“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სახანძრო – სამაშველო სამსახურის უფროსმა ზაზა უტიაშვილმა.