ახალი ამბები

გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად კვლავ გულის დაავადება სახელდება

9 ივლისი, 2012 • • 1013
გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად კვლავ გულის დაავადება სახელდება

დღეს, 9 ივლისს, სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 26 ივნისს გეგუთის ციხეში გარდაიცვალა პატიმარი თამაზ ჩიხრაძე.

”მიმდინარე წლის 26 ივნისს,  სავარაუდოდ, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა მსჯავრდებული თ.ჩ. ამ სამწუხარო ფაქტთან  დაკავშირებით, 2012 წლის 26 ივნისს,  როგორც წესი,   მყისიერად დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა,  რომლის დასრულებისთანავე  ცნობილი გახდება მსჯავრდებულის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი.
 
სამინისტრო იმედს იტოვებს, რომ საზოგადოება გაგებით მოეკიდება იმ ფაქტს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცესის დასრულებამდე სამინისტროს არ აქვს შესაძლებლობა, დაასახელოს კონკრეტული მიზეზი.

დამატებით, სამინისტრო მოუწოდებს ზოგიერთ სუბიექტს, გაითვალისწინოს კონფიდენციალურობის დაცვის აუცილებლობა,  რომლის დარღვევას ხშირად აქვს ადგილი ინფორმაციის გავრცელების დროს.
 
სამინისტრო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს ზემოაღნიშნული სამწუხარო ფაქტის წინასწარი შეფასებებისაგან,” – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თუმცა, გაუგებარია, ვინაობის დასახელებით რა ზიანი შეიძლება მიადგეს უკვე გარდაცვლილ პატიმარს. იურისტი თამარ კორძაია განმარტავს, რომ პირის პირადი მონაცემები დაცულია მისი სიცოცხლის განმავლობაში.

სასჯელაღსრულების უწყებამ მიმდინარე წლის 7 ივლისს ასევე გაავრცელა ინფორმაცია 21 წლის მიხეილ ბაზაზიანის გარდაცვალების ფაქტზე და მომხდარის გამო მწუხარებაც გამოთქვა, სიკვდილის სავარაუდო მიზეზად კი კვლავ გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა გახდა:

”მიმდინარე წლის 5 ივლისს სასჯელაღსრულების სისტემაში უეცრად გარდაიცვალა მსჯავრდებული მ.ბ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი- გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
 
 
მსჯავრდებულ მ.ბ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2012 წლის 5 ივლისს, ისევე, როგორც ყველა შემთხვევაში, ამ ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად დაინიშნა ექსპერტიზა. სამინისტრო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს ზემოაღნიშნული სამწუხარო ფაქტის წინასწარი შეფასებებისაგან,” – განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინსიტრომ.
 
 

ტელეკომპანია ”მაესტრომ” გაავრცელა გლდანის №8 საპყრობილეში გარდაცვლილი მიხეილ ბაზზიანის ახლობლების კომენტარი. ისინი აცხადებენ, რომ არ სჯერათ 21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის და ალტერნატიული ექსპერტიზაც მოითხოვეს. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილს გარეგნულად არ ეტყობა არასათანადო მოპყრობის ფაქტი და შესაძლოა, ის მართლაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებით იყოს გარდაცვლილი.

ინფრომაცია ორივე პატიმრის გარდაცვალების შესახებ  პირველად მედიასაშუალებებით გავრცელდა 7 და 9 ივლისს, რასაც მყისიერად მოჰყვა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი