ახალი ამბები

ტრანგენდერი ქალის დაჭრასთან დაკავშირებით შსს-სთან დღეს აქცია გაიმართება

16 ოქტომბერი, 2016 • 1754
ტრანგენდერი ქალის დაჭრასთან დაკავშირებით შსს-სთან დღეს აქცია გაიმართება

ტრანსგენდერი ქალის დაჭრის ფაქტზე, დღეს, 16 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია “სიცოცხლის უფლება ყველასია? გაიმართება.

აქციის მონაწილეები ეფექტური გამოძიების, დამნაშავეების სათანადოდ დასჯის და სიძულვილით მოტივირებულ დანაშულების პრევენციის მიზნით ქმედითი ზომების გატარების ითხოვენ. აქცია 17:00 საათზე გაიმართება.

14 ოქტომბერს დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ტრანსგენდერი, რომელიც 14 ოქტომბერს ფონიჭალაში დაჭრეს, დაახლოებით ორი წელია WISG-ს ბენეფიციარია. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” არ გამორიცხავს, რომ დანაშაული შესაძლოა დამამძიმებელ გარემოებაში, სიძულვილის ნიადაგზე იყოს ჩადენილი.

WISG-ის იურისტმა ციალა რატიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დღეს დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის დედას შეხვდება და ექნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ოფიციალურად შეძლებს კომუნიკაციას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ნიშნავს.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მონაცემებით, საქართველოში 2016 წლის განმავლობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმის ოცამდე შემთხვევაა დოკუმენტირებული.

ორგანიზაციის, “ტრანსგენდერი ევროპის” (TGEU), რომელიც WISG-ის პარტნიორია, სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლის იანვრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით 65 ქვეყანაში 2115 ტრანსგენდერი მოკლეს;

2016 წლის იანვარ-მაისში კი ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანის მკვლელობის 100 შემთხვევა დაფიქსირდა. TGEU-ის ცნობით, ეს მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს, რადგან ქვეყანათა უმრავლესობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმისა და მკველობებათა შემთხვევების დაფიქსირება, აღწერა და მონიტორინგი არ მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი