ნათია როყვამ განგვიცხადა, რომ ”ციცინათელაში” სიუჟეტის მოსამზადებლად იყო მისული, რათა გადაეღო პარკის მუშაობა, ასევე, სახელმწიფო დაცვისა და პოლიციის წარმომადგენლები, რომლებმაც პარკში კერძო დაცვის სამსახური ჩაანაცვლეს. ”მეცხრე არხის” ჟურნალისტი იხსენებს, რომ მუშაობის დაწყებისთანავე მასთან მივიდა გოგო ”რეალ ტვ”–ის მიკროფონით, კისერზე ჩამოკიდებულ ბეჯზე კი სახელიც ეწერა – ანი ბორჩხაძე. ტელეარხის კამერამ ასევე დააფიქსირა ოპელის მარკის ავტომობილი სერიული ნომრით MIM-844. “რეალ ტვ”–ის მიკროფონიანი გადამღები ჯგუფი სწორედ ამ ავტომობილით გადაადგილდებოდა.
”მეცხრე არხის” ბათუმის ბიუროს კორესპონდენტი იხსენებს, რომ ”რეალ ტვ”–ის მიკროფონიანი გოგო მას დაახლოებით 40 წუთის მანძილზე დასდევდა და უსვამდა კითხვეს: ”ივანიშვილის პარტიაში ხარ?” ”ფულს ვინ გიხდის?” ”ვინ გავალებს კითხვებს დასმას?”
ჩვენ დავუკაშვირდით ტელეკომპანია ”რეალ ტვ”–ის საინფორმაციო სამსახურს, სადაც ახალი ამბების პროდიუსერმა ანი ქართველიშვილმა განგვიცხადა, რომ გუშინ ის არ მუშაობდა და, შესაბამისად, არ იცის, რატომ დასდევდა ”რეალ ტვ”–ის გადამღები ჯგუფი ”მეცხრე არხის” ჟურნალისტს. მან ასევე ვერ გაიხენა, ნამდვილად მუშაობს თუ არა ტელეკომპანიაში ანი ბორჩხაძე. ”გავარკვევ და ცოტა ხანში დამირეკეთ,” – განგვიცხადა ანი ქართველიშვილმა. მოგვიანებით მან განგვიცხადა, რომ ანი ბორჩხაძე ”რეალ ტვ”–ის ჟურნალისტი არ არის. ”რეალ ტვ”–ის პროდიუსერის თქმით, მან არ იცის, როგორ აღმოჩნდა ანი ბორჩხაძის ხელში მიკროფონი ტელეარხის ლოგოთი და ჟურნალისტობის დამადასტურებელი ბარათი.
ჩვენ მას ასევე ვკითხეთ, ”ინფო 9”–ს ჟურნალისტ მარინა კუპრეიშვილს, ასევე ”მეცხრე არხის” ზუგდიდელ კორესპონდნეტ პაატა ლაგვილავას, რატომ უშლიდნენ მუშაობაში ხელს ”რეალ ტვ”–ის სახელით მოქმედი გადამღები ჯგუფები.
”ვნახე ეგ მასალები ”ინფო 9”–ზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე გეუბნებით, რომ ანი ბორჩხაძე ჩვენი ჟურნალისტი არაა, ახლა ისეთ რამეს მეკითხებით კიდევ, რაც ადრე იყო. მეტი არაფერი ვიცი,” – გვითხრა ანი ქართველიშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.
”-ისევ დაგავალეს, თუ რატომ არ გვცემთ კითხვებზე პასუხს, ქალბატონო ეკა?” – ამ და სხვა კითხვებით ”ინფო 9”–ს ზესტაფონის ბიუროს ჟურნალისტ ეკატერინე დუგლაძეს 5 კამერით აღჭურვილი 7 პირი რამდენიმე დღის მანძილზე დასდევდა. ისინი თავს ”მედიაჯგუფის” ჟურნალისტებს უწოდებენ, თუმცა ამ მედიაორგანიზციის შესახებ არაფერია ცნობილი.
მსგავსი მეთოდებით შეუტია ჟურანლისტმა მარიკა სოლოღაშვილმა ”ინფო 9”–ს ჟურნალისტს გარდაბანში. მარიკა სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ ის kkinfo.net-ის ჟურნალისტია. ჟურნალისტების დევნის ანალოგიური შემთხვევები იყო რამდენიმე კვირის წინ სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში.
”რატომ არ მცემ პასუხს, დაგავალენ და იმიტომ არ მცემ, ხო?” – ისმის ”რეალ ტვ”–ს ჟურნალისტის ხმა ვიდეოში, რომელიც ”მეცხრე არხმა” გაავრცელა.
”ჯერ ერთი, უნდა გქონდეს ბარათი, რომ წარმოადგენ ამა და ამ ტელევიზიას, მარტო მიკროფონი არ კმარა იმისთვის, რომ შენ წარმოადგენდე რომელიმე ტელევიზიას? აჰა, ყველაფერი შეცდომაა და იმიტომაც არ მცემ პასუხს, ხომ? არ გაქვს არც ერთ კითხვაზე პასუხი! ” – ამ ფორმით მიმართავს ”რეალ ტვ”–ის მიკროფონიანი გოგო ნათია როყვას, რომელიც მას მშვიდად პასუხობს, რომ მუშაობაში ხელს ნუ უშლის და მის კითხვებს პასუხს არ გასცემს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ”მეცხრე არხისა” და ”ინფო 9”–ს ჟურნალისტებს ”რეალ ტვ”–ის სახელით, ასევე გაურკვეველი ორგანიზაციების კამერებით აღჭურვილი პირები მუშაობაში ხელს უშლიან და მათზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ.