ახალი ამბები

“ციცინათელას” მართვის უფლება ივანიშვილის კომპანიას ჩამოერთვა

9 ივლისი, 2012 •
“ციცინათელას”  მართვის უფლება ივანიშვილის კომპანიას ჩამოერთვა

შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრის ამონაწერში 7 ივლისით არის დათარიღებული, ახალ დირექტორად კი ლაშა შაფაქიძეა მითითებული. შპს ”სერვისი 7”(გასართობი კომპლექსი ”ციცინათელა”)  2007 წელს დაფუძნდა და მისი 100%–იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ”მენეჯმენტ სერვისს” შორის ხელშეკრულება 2011 წლის 11 მაისს გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით, ”გასართობი კომპლექსი ”ციცინათელა” 49-წლიანი მართვის უფლებით გადაეცა ”მენეჯმენტ სერვისს”, სანაცვლოდ მმართველ კომპანიას სახელმწიფოსთვის თვეში 5 000 ლარი უნდა გადაეხადა, გარდა ამისა, პირველი სამი წლის მანძილზე ”ციცინათელაში” 1 მილიონი ლარის ინსვეტიცია უნდა ჩაედო.

 

2012 წლის 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს, რომ ”მენეჯმენტ სერვისთან ხელშეკრულებას  ცალმხრივად წყვეტს, რაც გამოწვეულია მმართველი კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობით. 

 

”2012 წლის 12 ივნისს სამინისტროში შემოვიდა ,,მენეჯმენტ სერვისის” დირექტორის წერილი, რომლითაც გვეცნობა, რომ შპს ,,მენეჯმენტ სერვისში” შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით საფრთხე ექმნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

 

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოძიებული ინფორმაციით გაირკვა, რომ კომპლექს ციცინათელას ,,მენეჯმენტ სერვისის” მიერ მართვის პერიოდში დაუგროვდა დიდი ოდენობით საგადასახადო დავალიანება, რომლის გადავადების თაობაზე რამდენიმეჯერ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაც საზოგადოების მართვის არაეფექტურად განხორციელების შედეგია და რამაც დაგვარწმუნა მმართველის მიერ საკუთარი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებაში.

 

ვინაიდან საწარმოს მესაკუთრეს (აღნიშნულ შემთხვევაში სახელმწიფოს), კანონმდებლობისა და კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად, უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ მეორე მხარე ვერ განახორციელებს საწარმოს იმგვარად მართვას, რომ მას არ მიადგეს რაიმე სახის ზიანი, სამინისტრომ გადაწყვიტა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა.

 

ამასთან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპლექსის, ციცინათელას გამართულად ფუნქციონირების მიზნით დაინიშნა ახალი დირექტორი,” – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ კომპანია ”მენეჯმენტ სერვისი” თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის მაისში მიიჩნია ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიად, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში ივანიშვილი მესაკუთრედ არ ფიგურირებს. 2012 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ”მენეჯმენტ სერვისი” კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიებისთვის ოფისების დაქირავებისა და გარემონტების გამო, 4 მილიონ 760 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ჯარიმა გაანახევრა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ”მენეჯმენტ სერვისი” განმეორებით 2012 წლის 7 ივლისს, ასევე პარტიების ოფისებისთვის უკანონოდ ოფისების დაქირავებისა და გარემონტებისთვის შპს ”ბურჯთან” ერთად დააჯარიმა  2 მილიონ 373 475 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი