ვებგვერდმა momxmarebeli.ge დღეს, 6 ივლისს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თბილისში 27 ივნისს საბურთალოს ქ. 32-ში მდებარე ”ნიკორას” საფირმო მაღაზიაში ნაყიდი ”ნიკორას” გაყინული, დაფასოებული პელმენი ”გურმანი” და ”ფანტაზია” კოლიბაქტერიებით დაბინძურებული აღმოჩნდა.
momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, ”გურმანისა” და ”ფანტაზიას” შესყიდვას ესწრებოდა კვების ექსპერტი, რომელმაც პროდუქტები, თავისი შეფუთვიანად, მოათავსა პოლიეთილენის სტერილურ პარკში. პროდუქტებს მიანიჭეს პირობითი ნომრები (”გურმანი” #1 და ””ფანტაზია” #2) და შესამოწმებლად სპეციალური მაცივარ-კონტეინერით ლაბორატორიაში მიიტანეს. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების თანახმად, ორივე პროდუქტში კოლიბაქტერიებით დაბინძურება აღმოჩნდა. შესაბამისი წერილები გაიგზავნა ”ნიკორასა” და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
კომპანია ”ნიკორას” მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანიას აქვს ლაბორატირია, სადაც ქსელში გატანამდე ყველა პროდუქცია მოწმდება და, შესაბამისად, კომპანია პასუხისმგებელია საკუთარი პროდუქციის ვარგისიანობაზე. ”ნიკორაში” აცხადებენ, რომ ისინი momxmarebeli.ge-ს განცხადებას უახლოეს დღეებში უპასუხებენ.
საკვებ პროდუქტში კოლიბაქტერიის არსებობა შეიძლება გამოწვეული იყოს საკვების შეხებით ფეკალურ მასებთან, ან მისი მომზადების პროცესში სანიტარული ნორმების დაუცველბისგან, ასევე, ტრანსპორტირებისას ფეკალურ მასასთან შეხებით. კოლიბაქტერიების რაოდენობა საკვებ პროდუქტში მრავლდება ტემპერატურის მატებასთან ერთად, შედეგად უარესდება საკვების სუნი და გემო.
კოლიბაქტერიებით დაბინძურებულმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური ინფექციები, უარეს შემთხვევაში კი– სეფსისი და მენინგიტი. საკვებში კოლიბატქერიების რაოდენობა მცირდება თერმული დამუშავებით, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის და ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მსგავსი პროდუქტი არ უნდა მოვიხმაროთ.