ახალი ამბებიხელოვნება

“ტფილისის ჰამქარი” აღმაშენებლის გამზირის ახალ რესტავრირებულ ნაწილს აკრიტიკებს

14 ოქტომბერი, 2016 •
“ტფილისის ჰამქარი” აღმაშენებლის გამზირის ახალ რესტავრირებულ ნაწილს აკრიტიკებს

“ტფილისის ჰამქარი” ფესიბუკში ფოტომასალას ავრცელებს და რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირზე აღდგენილი შენობების მდგომარეობას აფასებს. ჰამქარის წევრები მიიჩნევენ, რომ ამ დრომდე რებილიტირებულ ნაწილში რესტავრაცია სრულად მხოლოდ 4 შენობას ჩაუტარდა, დანარჩენებში კი ხარვეზებს ვხვდებით. “ტფილისის ჰამქარის” მიერ მომზადებულ ფოტოშედარებებში ვხედავთ, რომ რიგ შემთხვევებში სახლების ფასადზე დეტალები შეცვლილია.

“ხშირად გვეკითხებიან, მოგვწონს თუ არა რეაბილიტირებული აღმაშენებლის “ვორონცოვისეული” მონაკვეთი. სამწუხაროდ, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. წინა და დღევანდელი ხელისუფლების მიერ ჩატარებულ რეაბილიტაციას ერთნაირი ხარვეზები აქვს. დახარჯული თანხის (30 მილიონი) ადეკვატური რესტავრაცია ვერც ახლა მივიღეთ.

თბილისი დეტალებშია! ეს დეტალები ქმნის ურბანული მემკვიდრეობის ხარისხს, რაც არასწორი რესტავრაციის პირობებში იკარგება. ამიტომაც ვიღებთ ბუტაფორიას, ლამაზ, მაგრამ ისტორიული კონტექსტისგან დაცლილ გარემოს. სრულყოფილი რესტავრაცია ჩატარდა მხოლოდ 4 შენობაზე…

ხარვეზების თავიდან ასაცილებლად სამუშაო პროცესისათვის შესაბამისი ზედამხედველობა თბილისის განვითარების ფონდს უნდა გაეწია, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.” – ნათქვამია თბილისის ჰამქრის მიერ გავრცელებულ ფეისბუკ პოსტში.

პროექტის “ახალი ტფილისი” პირველი ეტაპის ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, აღმაშენებლის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 47 საცხოვრებელ სახლს, რომლებიც უმეტესწილად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, რეაბილიტაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. მერიის ცნობით, ქუჩაზე მთლიანად შეიცვალა საინჟინრო და საკომუნიკაციო ქსელები, განახლდა ქუჩის ინფრასტრუქტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი