ახალი ამბები

კობახიძის თქმით, “ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებაზე არ უმსჯელია

13 ოქტომბერი, 2016 • 1770
კობახიძის თქმით, “ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებაზე არ უმსჯელია

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიას წინასწარ არც ერთ მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებაზე არ უმსჯელია და, შესაბამიად, განცხადებები პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით ნაადრევი იყო. კობახიძის თქმით, საკითხი “ქართული ოცნების” დღის წესრიგში არ დგას, ამიტომ არ იცის, რატომ გაკეთდა 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მსგავსი განცხადებები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან.

“ეს არ არის ჩვენი გუნდის პოზიცია. ჩვენ გუნდს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დაუყენებია… ეს იყო ინდივიდუალური განცხადებები. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ნაადრევი განცხადებები. გუნდში ამასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა და, შესაბამისად, ეს არ გამოხატავს ჩვენი გუნდის პოზიციას.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “საზოგადოევრივი მაუწყებლის” ეთერში, სალომე ასათიანთან საუბარში.

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ პრეზიდენტის არჩევის ან დანიშვნის საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მართვის ფორმასთან:

“გაკეთდა გარკეული განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით [პრეზიდენტის არჩევის წესსზე] და ეს იყო აბსოლუტურად ნაადრევი განცხადებები – ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ჩვენ არც ერთ კონსტიტუციურ საკითხთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება. ჩვენი მიდგომა არის ასეთი: ყველა საკითხი უნდა იყოს განხილული ფართო ფორმატში, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით, მათ შორის ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლების. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ არჩევნებს არ ვემხრობი. ეს იქნებოდა ჩემი მხრიდან არასერიოზული განცხადება.

ეს არის საკითხი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული მმართველობის ფორმასთან. თუ დადგება საერთოდ მმართველობის ფორმის გადასინჯვის საკითხი დღის წესრიგში, მაგალითად, თეორიულად ჩვენ შეგვიძლია კომისიის ფორმატში ვიმსჯელოთ ნახევრად საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ პირდაპირი არჩევის წესი. პრეზიდენტის პირდაპირ ან არაპირდაპირ არჩევა დაკავშირებულია მმართველობის ფორმასთან. აქედან გამომდინარე ვერც ერთი კვალიფიციური იურისტი ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნება პირდაპირი ან არაპირდაპირი არჩევნების მომხრე.” – ამბობს კობახიძე.

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო მმართველობა უნდა გაძლიერდეს, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ პრეზიდენტს პარლამენტი დანიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი