გვენეტაძის თქმით, ამ ეტაპზე სხვა პირის ბრალეულობის საკითხი არ იკვეთება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ივლისს, გვიან ღამით ერთ-ერთი საწარმოდან ქლორმა გაჟონა, რა დროსაც ლილოს დასახლებაში 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა, რომელთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ამ დრომდე კომაში იმყოფება 18 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობაზე ექიმებს საიმედო პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
შსს-ს ცნობით, დაკავებულ ლევან დაუთაშვილს უკვე წაუყენეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლის მიხედვით.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტოქსიკური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან გარემოსათვის საშიში სხვა ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას მისი წარმოების, ტრანსპორტირების, განთავსების, შენახვის, ჩამარხვის ან გამოყენების დროს, რასაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს არსებითი დაზიანება, ან სხვა მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია გარემოს დაბინძურება, მოწამვლა ან დასნებოვნება, ან ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ანდა ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება, აგრეთვე, ჩადენილი საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში -ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
თუ ზემოაღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან ადამიანთა მასობრივი დაავადება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.