ახალი ამბები

კოალიცია ”ქართული ოცნება” იძულებითი აღსრულების მოლოდინში

4 ივლისი, 2012 •
კოალიცია ”ქართული ოცნება” იძულებითი აღსრულების მოლოდინში

”იძულებით აღსრულება გულისხმობს უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღებასა და იძულებით აუქციონზე გატანას. პარტიებს შეიძლება დაუყადაღონ ანგარიშები, განურჩევლად იმისა, არის თუ არა ამ ანგარიშებზე თანხა. პარტიებს უძრავი ქონება არ გააჩნიათ. შესაბამისად, მას ვერ დააყადაღებენ, თუმცა შეიძლება დაყადაღდეს მოძრავი ქონება, კომპიუტერები, მაგიდები, მანქანები, გააჩნია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში,” – განაცხადა “ქართული ოცნების” ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ.

 

27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს კონტროლის პალატის შუამდგომლობა და კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შეამავალი პოლიტიკური პარტიები: „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები”, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატიული პარტია“ და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ასევე, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება” 2 383 097 ლარით დააჯარიმა. პარტიებს თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურებათ.

 

”რესპუბლიკურ პარტიაში” აცხადებენ, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებენ, ვინაიდან პარტიას შესაბამისი სახსრები არ გააჩნია და არც სურვილი აქვს, დააკმაყოფილონ სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება.

 

ჯარიმის გადახდას არ აპირებს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოც”. პარტიის თავმჯდომარის მანანა კობახიძის განცხადებით, პარტია დაკისრებულ ჯარიმას ვერ გადაიხდის.

 

“ჩვენ არ გადავიხდით ჯარიმას იმიტომ, რომ ეს არის აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება და მეორეც, ვერც გადავიხდით ამ ჯარიმას იმიტომ, რომ პარტიას არ აქვს იმდენი შემოწირულობა და რესურსი, რომ აღნიშნული ჯარიმა გადაიხადოს”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი