ახალი ამბები

როგორ დაისჯება ქლორის გაჟონვაზე პასუხისმგებელი პირი

4 ივლისი, 2012 •
როგორ დაისჯება ქლორის გაჟონვაზე პასუხისმგებელი პირი

ინცინდენტი გუშინ, 3 ივლისს, გვიან ღამით მოხდა, რა დროსაც ლილოს დასახლებაში ათეულობით ადამიანი მოიწამლა, რომელთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ამ დრომდე კომაში იმყოფება 18 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობაზე ექიმებს საიმედო პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

 

ამ დროისათვის ცნობილია, რომ ქლორის გაჟონვა სპეციალური ცისტერნიდან მისი სხვა ადგილზე გადატანის დროს დაიწყო.  შემთხვევის ადგილზე მისული ”მაესტროს” გადამღები ჯგუფი პირდაპირ ერთერში ესაუბრებოდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელს, რა დროსაც საშიშმა ნივთიერებამ ცისტერნიდან ხელმეორედ გამოჟონა. დაშავებულები არიან სახანძრო სამსახურის თანამშრომლებიც.

 

ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ცნობით, დაკითხვაზე იმყოფება ცისტერნის მფლობელი კომპანიის, შპს ”კრისტალის” ხელმძღვანელი, შემთხვევაზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მიხედვით არის დაწყებული.

 

აღნიშნული მუხლი გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

 

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ასევე არის 288-ე მუხლი, რაც გულისხმობს ტოქსიკური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან გარემოსათვის საშიში სხვა ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას მისი წარმოების, ტრანსპორტირების, განთავსების, შენახვის, ჩამარხვის ან გამოყენების დროს, რასაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს არსებითი დაზიანება, ან სხვა მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია გარემოს დაბინძურება, მოწამვლა ან დასნებოვნება, ან ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ანდა ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება, აგრეთვე, ჩადენილი საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში -ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

თუ ზემოაღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან ადამიანთა მასობრივი დაავადება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

 

”ნეტგაზეთი” აღნიშნულ საქმეზე დამატებითი დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საიდანაც ინფორმაციის გარკვევას დაგვპირდნენ. დამატებითი ცნობების მიღებისთანავე დაუყონებლივ შეგატყობინებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი