ნეტგაზეთი | წერეთელი: პრემიერმა და “ოცნების” ლიდერებმა გააკეთონ განცხადება, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება წერეთელი: პრემიერმა და “ოცნების” ლიდერებმა გააკეთონ განცხადება, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება – Netgazeti
RU | GE  

წერეთელი: პრემიერმა და “ოცნების” ლიდერებმა გააკეთონ განცხადება, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი  და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართული ოცნების  უფლებამოსილ ლიდერებს მიმართავს, ქუთაისში პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთონ.

ქუთაისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,  კობა ნარჩემაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრისგან მიიღო გარანტია, რომ  პარლამენტის ადგილმდებარეობა არ შეცვლება. ამის შესახებ მან დღეს, 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

“პარლამენტი არის ძალიან კარგ ადგილას, ქუთაისში. ჩემი აზრით ქალაქში, რომელიც ისტორიულად არის კულტურული, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ცენტრი. ათასწლოვანი ისტორია აქვს ამ ამბავს და მე ახალ ამბავს არ ვამბობ. ოპონენტების საყურადღებოდ მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი საარჩევნო კამპანია იმაზე ააგოთ, რომ ქუთაისიდან გადააქვთ პარლამენტი, მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში შეცდომაში შეიყვანთ თქვენს ამომრჩეველს.  პრემიერმინისტრთან და იმ ადამიანებთან შეხვედრამ, რომლებიც იყვნენ რამოდენიმე დღის უკან, მომცა აბსოლუტური გარანტია, რომ ამაზე მსჯელობაც კი არ იქნება,”-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

გიგი წერეთელი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, ეს განცხადება თვითონ გააკეთოს:

“ქართული ოცნება პირველივე საათებში აცხადებდა, რომ პარლამენტს ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანდა, თუმცა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება.   ჩემი აზრით, ეს უბრალო საარჩევნო ტაქტიკაა, რადგან ჩვენი მთავარი გზავნილია, საპარლამენტო დედაქალაქი ქუთაისი იყოს და პარლამენტი ქუთაისში დარჩეს.   საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართული ოცნების  უფლებამოსილ ლიდერებს მივმართავ, განცხადება გააკეთონ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება,” – განაცხადა გიგი წერეთელმა.

“ქართულ ოცნებას” პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა დიდი ხანია სურს, თუმცა ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 მანდატი არ აქვს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.