ახალი ამბები

სააკაშვილი: 2003 წლისგან განსხვავებით, ნაწილობრივ მოვახერხეთ გაყალბებების სათანადოდ დოკუმენტირება

11 ოქტომბერი, 2016 • 1353
სააკაშვილი: 2003 წლისგან განსხვავებით, ნაწილობრივ მოვახერხეთ გაყალბებების სათანადოდ დოკუმენტირება

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატების მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს თითოეული კანდიდატის გადასაწყვეტია. მისი თქმით, 2003 წლისგან განსხვავებით, ენმ-მ მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხა “აშკარა დარღვევებისა და გაყალბების სათანადო დონეზე დოკუმენტირება”.

“არჩევნების შემდეგ დისკუსია და კამათი ბუნებრივია, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ეს კამათი არ გადაიზარდოს ურთიერთბრალდებებში, თითის გაშვერებსა და განხეთქილებაში, რაც ასე სურს ივანიშვილს. მგონი, ახლა ყველამ უნდა დაიოკოს ემოციები და გონებით განვსაჯოთ, თუ სად ვიმყოფებით და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ვფიქრობ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მაქსიმალურად ფართოდ და დემოკრატიულად და ამავე დროს მშვიდად უნდა გამართოს დისკუსია მიღწევებსა და დაშვებულ შეცდომებზე და შიდა პარტიული დემოკრატიის გაფართოებაზე”, – წერს საქართველოს წინა პრეზიდენტი.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა გააანალიზოს, თუ როგორ მოხდა, რომ “ფაქტობრივად საერთო ელექტორატის 25%-იანი მხარდაჭერის მქონე ივანიშვილმა შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ისე, რომ, 2003 წლისგან განსხვავებით, მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხეს აშკარა დარღვევებისა და გაყალბებების სათანადო დონეზე დოკუმენტირება”, – წერს სააკაშვილი, ამჟამად ოდესის გუბერნატორი.

სააკაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა, რომლებიც შევლენ პარლამენტში, უნდა განიხილონ აქტივისტებთან, თუ როგორ აპირებენ პარლამენტს გარეთ პარტიის აქტივთან კოორდინირებას და ერთად იზრუნონ, რათა საქართველოში “თავისუფალი მედია არ განადგურდეს, პოლიტიკურმა რეპრესიებმა კიდევ უფრო ფართო ხასიათი არ მიიღოს და არ დავუშვათ რუსი ოლიგარქის მიერ ძალაუფლების უზურპაცია”.

“ახლა, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე მაღლა უნდა დააყენოს ქვეყნის გადარჩენა, რასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის კარგად ახერხებდა. რაც შეეხება, არსებული გაყალბების მექანიზმების პირობებში, მეორე ტურში მონაწილეობას, ვიმეორებ, რომ ამის აზრს ვერ ვხედავ, თუმცა ასევე ვადასტურებ, რომ ეს თითოეული კანდიდატის გადასაწყვეტია. მე დიდ პატივს ვცემ მათ მიერ გაწეულ შრომას და არასწორია, მათ არ დავუტოვოთ პირადი არჩევანის უფლება”, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

“ჩვენ მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ, პოლიტიკურ მოედანზე ერთადერთ ოპოზიციურ ძალად დავრჩით, მაგრამ მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს და რაც უფრო სწორად ვიმოქმედებთ ახლა, მით უფრო ადრე მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას”, – ამბობს სააკაშვილი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს პირველადი შედეგებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხმების 27.11% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში განსაზღვრული 77 მანდატიდან ენმ 27 მანდატს მიიღებს.

ამას გარდა, 50 მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, 45-ში “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები უპირისპირდებიან.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 10 ოქტომბერს, ვიდეომიმართვა გაავრცელა – იგი ვიდეომიმართვაში უფრო რადიკალურ გადაწყვეტილებას ემხრობოდა და ამბობდა, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ და პარლამენტში არც პროპორიციული სიით უნდა შესულიყვნენ. ყოფილი პრეზიდენტის მოსაზრებას ენმ-ის ლიდერების ნაწილი არ ეთანხმება. შევლენ თუ არა პარლამენტში პროპორციული სიით “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში, ეს დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი