ახალი ამბები

ომბუდსმენი: აუცილებელია, ქვეყანამ აღიაროს უთანასწორობა, რომელშიც გოგონებს უწევთ ცხოვრება

11 ოქტომბერი, 2016 • 1232
ომბუდსმენი: აუცილებელია, ქვეყანამ აღიაროს უთანასწორობა, რომელშიც გოგონებს უწევთ ცხოვრება

საქართველოს სახალხო დამცველი გოგონათა საერთაშორის დღეს განცხადებით ეხმაურება. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ქვეყანამ გააცნობიეროს გოგონათა როლი ქვეყნის მომავალი განვითარების პროცესში და აღიაროს არსებული უთანასწორობა, რომელშიც გოგონებს უწევთ ცხოვრება.

“სამწუხაროდ, კვლავ დაბალია სათანადო განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ასევე, არასრულწლოვანთა მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ პირობებშიაღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად მილიონობით გოგონა წყვეტს განათლების მიღებას  ადრეულ ასაკში ქორწინების გამო, რაც ხელს უშლის მათ განვითარებას”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

სახალხო დამცველი აპარატის მიერ ჩატარებულ სამუშაოზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კვლავ გავრცელებულია ნიშნობებისა და ქორწინების იძულების შემთხვევები. მთავარ გამოწვევას კი საზოგადოების მცდარი შეხედულებები და არაინფორმირებულობა წარმოადგენს

“ამასთან, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს გენდერული ნიშნით სქესის სელექცია, როდესაც არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებისა და დისკრიმინაციული პრაქტიკის გამო უპირატესობა ვაჟს ენიჭება, ამის შედეგად ყოველწლიურად უფრო ნაკლები გოგონა იბადებააუცილებელია, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქციოს ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში დაინერგოს სწავლება გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით და ეს გახდეს სასწავლო პროცესის არსებითი ნაწილი”,- წერია გნცხადებაში. 

11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას, განათლების ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას. ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც გოგონები ყოველდღიურად აწყდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და გოგონათა შესაძლებლობების გაზრდის უზრუნველსაყოფად.

მასალების გადაბეჭდვის წესი