“Must carry”–ის პრინციპის კანონით დამტკიცების არგუმენტი იყო ის, რომ საარჩევნოდ ამომრჩეველს მრავალგვარი ინფორმაციის თავისუფლად მიღების საშუალება ჰქონოდა. ციფრები აჩვენებს, რომ ქართველი ამომრჩევლების აბსოლუტურ უმრავლესობას საარჩევნოდ მხოლოდ ნაციონალური ტელეარხების – ”პირველი არხის”, ”რუსთავი 2”–ისა და ”იმედის” ყურების შესაძლებლობა ექნება.
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომიისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ საქართველოში ამჟამად 68 საკაბელო ოპერატორია, მათი აბონენტების საერთო რაოდენობა კი 201 ათას 136-ს შეადგენს. ამას ემატება ”გლობალ ტვ”–ის სატელიტური ანტენები, რომელთა რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 70 ათასს აღწევს. ასევე გასათვალისწინებელია თანამგზავრული მაუწყებლობის ოპერატორების – ”მაგთისატისა” და ”ბლექ სი სატის” მხოლოდ რამდენიმე ათასი აბონენტი. ”მაგთისატი” ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, ”ბლექ სი სატმა” კი გაყიდვები მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
პროსახელისუფლებო არხებთან ერთად ”მაესტროსა” და ”მეცხრე არხის” ყურებას ასევე შეძლებენ ის ადამიანები, რომლებსაც სატელიტური ანტენები საკუთარი სახსრებით აქვთ შეძენილი. სამწუხაროდ, მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. ჯერჯერობით, ასევე გაურკვეველია, რამდენ სატელიტურ ანტენას დააყენებს ტელეკომპანია ”მაესტრო”. არხის გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ განგვიცხადა, რომ არხის დაფარვის ზონის გაზრდის მიზნით, ”მაესტრო” უახლოეს მომავალში დაიწყებს მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების შეღავათიან ფასად მიყიდვას. ამ აქციის მიზანი კი ”მაესტროს” მაყურებელთა აუდიტორიის გაზრდაა, თუცმა უცნობია, ”მაესტრო” რამდენი ათასი ანტენის გაყიდვას გეგმავს.
სატელიტური ანტენების მფლობელებისა და საკაბელო ოპერატორების აბონონტების საერთო მიახლოებითი რაოდენობა ბევრად ნაკლებია საქართველოში ამომრჩევლების საერთო რაოდენობაზე. თუმცა აქვე ისიც გასათავლისწინებელია, რომ ძირითადად ერთი აბონენტი ერთ ოჯახს ნიშნავს, სადაც შესაძლოა, რამდენიმე ამომრჩეველი ცხოვრობდეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე(ბოლო მონაცემები) საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირებული იყო 3 მილიონ 580 ათას 447 ამომრჩეველი.
საკაბელო ოპერატორების აბონენტების რაოდენობასა და ამომრჩევლების რაოდენობას შორის განსხვავება უფრო თვალშისაცემია საქართველოს რეგიონებში, პატარა ქალაქებში.
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, თბილისში 30 საკაბელო ოპერატორი მოქმედებს, რომელთა აბონენტების საერთო რაოდენობა არის 179.298. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მასშტაბით საკაბელო ოპერატორების აბონენტების 80%-მდე თბილისში ცხოვრობს.
რაც შეეხება თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობას (2010 წლის მონაცემები), ის 994. 927-ს აღწევს.
კახეთის რეგიონში მოსახლეობას საკაბელო მომსახურებით სულ 6 კომპანია უზრუნველყოფს, მათი აბონენტების ჯამური რაოდენობა კი 3.623-ს შეადგენს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კახეთში დაახლოებით ასჯერ მეტი – 313.432 არის.
ქვემო ქართლში სულ 348.104 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საკაბელო ოპერატორების აბონენტების რაოდენობა 7.422 -ია. მათ მხოლოდ სამი ოპერატორი ემსახურება.
რაც შეეხება შიდა ქართლს, აქ ოთხ საკაბელო ოპერატორს, ჯამში, 1.374 აბონენტი ჰყავს, ამ რეგიონში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 242.134-ს აღწევს.
მცხეთა-მთიანეთში 87.291 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამ რეგიონში ერთადერთი საკაბელო ოპერატორია, რომელსაც მხოლოდ 70 აბონეტი ჰყავს.
საკაბელო ოპერატორების რაოდენობა მცირეა სამცხე-ჯავახეთში. აქ სულ ოთხი საკაბელო ოპერატორია, რომლებიც 605 აბონენტს ემსახურებიან.
იმერეთში სულ 10 საკაბელო ოპერატორი მოქმედებს, რომელთა აბონენტების საერთო რაოდენობა 7.035-ს შეადგენს(შეიცავს ქუთაისის მონაცემებს). რაც შეეხება სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისს, აქ მხოლოდ სამი საკაბელო ოპერატორი ფუნქციონირებს, რომელთა აბონეტების ჯამური რაოდენობა 5.877 არის.
იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულია 571.476 ამომრჩეველი, აქედან ქუთაისში – 162.556.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, გურიაში რეგისტირებულია 114.891 ამომრჩეველი. რეგიონში ერთადერთი საკაბელო ოპერატორი კი მხოლოდ 3.117 აბონენტს ემსახურება.
რაც შეეხება სამეგრელოს, აქ მხოლოდ სამი საკაბელო ოპერატორია, აბონენტების ჯამური რაოდენობით 1.938. მათგან ორი ოპერატორი მოქმედებს ფოთში, ერთი – სენაკში. ზუგდიდში საკაბელო ოპერატორები არ არსებობენ. სამეგრელოს რეგიონში რეგისტრირებულია 316.454 ამომრჩეველი, აქედან ზუგდიდში – 129.599.
აჭარაში 17.181 აბონენტს 6 კომპანია ემსახურება, აქედან უმრავლესობა – 16.797 აბონეტი მხოლოდ ბათუმზე მოდის, ქობულეთზე – 188, შუახევზე – 97.
აჭარაში სულ რეგისტრირებულია 230.449 ამომრჩეველი, აქედან 105.369 – ბათუმში.
რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმს, ამ რეგიონში საკაბელო ოპერატორი საერთოდ არ არის, ამომრჩველთა რაოდენობა კი 38.315-ს აღწევს.
სამწუხაროდ, მსგავსი ინფორმაციის არარსებობის გამო ვერ შევძელით რეგიონების მიხედვით დაგველაგებინა სატელიტური ანტენების რაოდენობა, რომელსაც საკაბელო ოპერატორების რაოდენობასთან ერთად შევადარებდით ამომრჩევლების საერთო რაოდენობას.
ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები თვეების მანძილზე ცდილობდნენ, რომ საქართველოს პარლამენტს მიეღო კანონი, რომელიც საშუალებას მისცემდა მაუწყებლობის ტრანზიტორ ყველა სუბიექტს საარჩევნოდ საკუთარი ქსელით გაევრცელებინა ყველა ქართული საინფორმაციო არხი. აღნიშნული მოთხოვნა განაპირობა იმ ტენდენციამ, რომ საკაბელო ოპერატორების დიდმა ნაწილმა საკუთარ ქსელში ჩართვაზე უარი უთხრა ოპოზიციურად განწყობილ ტელეარხებს – ”მაესტროს”, ”კავკასიას” და ”მეცხრე არხს”. “მაესტრო” და ”მეცხრე არხი” მხოლოდ სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობენ, რის გამოც სატელიტური ანტენისა და საკაბელო ქსელში ჩართვის გარეშე მათი სიგნალის მიღება შეუძლებელია.
არასამთავრობოების მოთხოვნა საქართველოს პარლამენტმა ნაწილბრივ დააკამყოფილა ”Must Carry”–ის შესახებ კანონპროექტი, რომელიც 28 ივნისს პირველი მოსმენით დაამტკიცა. ხელისუფლების მიერ მომზადებულ პროექტში საკაბელო და სატელიტურ ოპერატორებს არჩევნებამდე ორი თვის პერიოდში ყველა ტელეარხის სიგნალის გავრცელებას ავალდებულებს. არასამთავრობოების მოთხოვნაა, რომ ეს პერიოდი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელდეს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.