ტელეეთერში დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმფცია

მედიის განვითარების ფონდმა დღეს, 2 ივლისს, გამოაქვეყნა კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ აშუქებებენ ქართული ტელეარხები სამართლის საკითხებს. კვლევამ აჩვენა, რომ ტელეკომპანიები, ძირითადად, არღვევენ ადამიანთა უდანაშაულობის პრეზუმფციასა და ერევიან სიუჟეტების გმირების პირად ცხოვრებაში.

მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი გიორგი მგელაძე 5 ქართული ტელეკომპანიის  – საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუსთავი 2-ის, იმედის, კავკასიისა და მაესტროს მიერ 1 თვის მანძილზე სამართლებრივი საკითხების გაშუქებისას გამოვლენილ ტენდენციებს აკვირდებოდა. საკვლევად შეირჩა 2012 წლის 12 მარტიდან 12 აპრილამდე აღნიშნული ტელეარხების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გასული სიუჟეტები სამართლის საკითხებზე.

 

კვლევაში მოყვანილი დასკვნები გამყარებულია კონკრეტული მაგალითებით, რომელიც შედარებულია მაუწყებლის ქცევის კოდექსთან. მაგალითად, კვლევის ავტორი წერს, რომ 2012 წლის 4 აპრილს, 20 საათიან მოამბეში გავიდა სიუჟეტი – ყაჩაღური თვდასხმა გორის ინტერნეტ –კაფეზე. მოამბის წამყვანმა სიუჟეტის წარმდგენ ტექსტშივე დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ჟურნალისტური სტანდარტებით აღიარებული პრინციპები.

 

”დამნაშავეები; ყაჩაღებმა; ბოროტმოქმედებმა – მოამბის წამყვანის მიერ დაკავებული ახალგაზრდების მიმართ ამ ეპითეტების გამოყენებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.  სიუჟეტის ეთერში გასვლის დროს დაკავებულები მხოლოდ ბრალდებულები შეიძლება ყოფილიყვნენ. მათთვის ზემოხსენებული რომელიმე სტატუსის მინიჭებას მხოლოდ სასამართლოს მიერ მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი განაპირობებდა, ისიც განაჩენის დადგომიდან 2 კვირაში მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ,” – წერს  დღეს გამოქვეყნებული კვლევის ავტორი.

 

კვლევის ავტორმა ასევე დააფიქსირა უდანაშაულობის პორეზუმფციის დარღვევა ”კავკასიის”, ”რუსთავი 2”–სა და ”იმედის” მიერ. რაც შეეხება ”მაესტროს”, კვლევაში წერია: ”უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები არ დაგვიფიქსირებია, ეს შესაძლოა კრიმინალური ფაქტების გაშუქების სიმცირითაა განპირობებული, ნაციონალური მაუწყებლებისგან განსხვავებით, მაესტრო ასეთ ამბებს ნაკლებ დროს უთმობს”.

 

კვლევის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მაუწყებლების ეთერში მრავლადაა სიუჟეტები, როცა ჟურნალისტი წესების დაცვით აშუქებს მოვლენას და დაკავებულებზე ან დაზარალებულებზე გაუმართლებელი იარლიყების მიკერება არ ხდება.

 

”სამართლის სფეროს ხარვეზების გარეშე გაშუქება ჟურნალისტების მაღალ პროფესიონალიზმს და სამართლებრივი ტერმინოლოგიის მინიმალურ ცოდნას საჭიროებს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში რესპოდენტები, სამართალდამცავები არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ბრალ-დაუმტკიცებელ დაკავებულს დამნაშავედ, კრიმინალად ან ბოროტმოქმედად მოიხსენიებენ. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტი მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების ტირაჟირებას და ყოველი ახალი ბრალდების წინ უნდა დააკონკრეტოს, რომ ინფორმაცია სამართალდამცევის მონათხრობს ეყრდნობა,” – ეს არის რეკომენდაცია, რომელსაც მედიამკვლევარი გიორგი მგელაძე აძლევს ჟურნალისტებს. მისივე დასკვნით, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს მოსახლეობის აქტივობაც, რაც გულისხმობს კონკრეტული დარღვევის ფაქტებზე ტელეკომპანიებში საჩივრის შეტანას. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge