ახალი ამბები

ეროვნული ბანკის კომენტარი ბიძინა ივანიშვილის შესახებ

28 ივნისი, 2012 • 1258
ეროვნული ბანკის კომენტარი ბიძინა ივანიშვილის შესახებ

„იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიღებული დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ ბანკი „ქართუს” ბენეფიციარი მესაკუთრე, ნაცვლად ბიძინა ივანიშვილისა, ამჯერად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული 6 კომპანია გახდა. კანონმდებლობის თანამხმად, მსგავსი ცვლილებების შემთხვევაში აუცილებელია ეროვნული ბანკის თანხმობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც მნიშვნელოვანი წილის შემძენს, არც გამსხვისებელს ეროვნული ბანკისთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, კანონის მიხედვით, გარიგება იმპერატიულად ითვლება ბათილად”, – ნათქვამია ბანკის მიერ გაკეთებულ კომენტარში.

ეროვნული ბანკი თავის განცხადებაში ასევე აცხადებს, რომ ორიოდე თვის წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს სურდა „პროგრეს ბანკის” წილის შეძენა, მან მაშინ სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიმართა ეროვნულ ბანკს თანხმობის მისაღებად და მიიღო კიდეც ეს თანხმობა.

26 ივნისს აღსრულების ერონულმა ბიურომ, 74,3 მლნ ლარის ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ბანკი „ქართუს” აქციების 100%, „პროგრეს ბანკის” აქციათა 21,7% და „ქართუ ჯგუფის” აქციათა 100% დააყადაღა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში განაცხადეს, რომ არსებულ ბიზნესებში ბიძინა ივანიშვილის წილობრივი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიიღეს. 

ივანიშვილმა კი “ქართუ” ბანკში, “ქართუ ჯგუფში” და “პროგრეს ბანკში” მისი აქციების დაყადაღებამდე  რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ მაისის დასაწყისში კუთვნილი აქტივები მის შვილს, უტა ივანიშვილს გადაუფორმა.

“ნეტგაზეთთან” საუბარში “ქართუ ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ “ქართუ ჯგუფის” აქციონერი 6 კომპანია გახდა. ოფიციალურ ინფორმაციას “ქართუ ჯგუფში” კომპანიებს შორის აქციების გადანაწილების შესახებ ჯავახიშვილი არ ფლობს. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მალე გასაჯაროვდება: “ინფორმაცია ეროვნულ ბანკს იმიტომ არ მივაწოდეთ, რომ ბანკში წილის გასხვისება არ მომხდარა და ამდენად ეროვნული ბანკის წინაშე ეს ვალდებულება არ გვქონდა, რადგან მხოლოდ ბენეფიციარი მფლობელი შეიცვალა.”

ეროვნული აღსრულების ბიუროში კი “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მათ “ქათუ ბანკში” და “პროგრეს ბანკში” ივანიშვილის წილობრივი თანამონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკისაგან მიიღეს და შესაბამისად იმოქმედეს.

“ქართუ ჯგუფის” მფლობელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ საჯაროვდება.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი