ახალი ამბები

კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ

27 ივნისი, 2012 •
კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ

ქართული ოცნება
ქართული ოცნება

დღეს, 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს კონტროლის პალატის შუამდგომლობა და კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შეამავალი  პოლიტიკური პარტიები („ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიები: „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები,” „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ , „კონსერვატორული პარტია“ და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“) და საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნებაც”  2 383 097 ლარით დააჯარიმა.

როგორც კოალიციის პარტიების თავმჯდომარეები  “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავენ, რომ ისინი არ აპირებენ ამ ჯარიმის გადახდას, რასაც შემდეგი მოტივით ხსნიან:

“ჩვენი პარტია არ აპირებს დაკისრებული ჯარიმის გადახდას. სურვილიც რომ გვქონდეს, ვერც გადავიხდით იმიტომ, რომ მაგ რაოდენობის თანხა შემოწირულობის სახით არ გაგვაჩნია ჯერჯერობით. რაც შეეხება აღიარებას, ჩვენ არ ვაპირებთ აღიარებას და  საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ აუცილებლად. ეს აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილებაა. ისეთი გადაწყვეტილება, რომელშიც ჩვენ საერთოდ  არაფერ შუაში არ ვართ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” თავმჯდომარემ და კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა ზურაბ ტყემალაძემ.

25 ივნისს საქართველოს კონტროლის პალატამ გაავრცელა განცხადება,  რომლის თანახმადაც  შპს „მენეჯმენტ სერვისის” განხორციელებული საქმიანობა კანონდარღვევად მიიჩნია. კერძოდ, მათი განცხადების თანახმად, “შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში.

დღეს კი სასამართლომ დააკმაყოფილა კონტორლის პალატის შუადმგომლობა, რომლის თანახმადაც შპს „მენეჯმენტ სერვისის“ პოლიტიკური სუბიექტების  სასარგებლოდ განახორციელებული  უსასყიდლო მომსახურება უკანონო შემოწირულობად მიიჩნია.

ჯარიმის გადახდას არც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” აპირებს. პარტიის თავმჯდომარის მანანა კობახიძის განცხადებით, ისინი არ იზიარებენ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას და ევროპის სასამართლოში აპირებენ გასაჩივრებას.

“ჩვენ არ გადავიხდით ჯარიმას იმიტომ, რომ ეს არის აბსოლუტურად უკანონო და ჩვენ გავასაჩივრებთ აუცილებლად ამ გადაწყვეტილებას, ევროპის სასამართლომდე მივალთ და მეორე, ვერც გადავიხდით იმიტომ, რომ პარტიას არ აქვს იმდენი შემოწირულობა და რესურსი, რომ აღნიშნული ჯარიმა გადაიხადოს”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში კობახიძე.     

მასალების გადაბეჭდვის წესი