”შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონულ სამმართველოში დაიწყო სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღევის, კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით. აღნიშნულს საფუძვლად დაედო ვებ-გვერდებზე – qartli.ge-სა და info9.ge-ზე განთავსებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულია კასპის რაიონის სოფელ დოესში მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირება. ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ამავე სოფელში მცხოვრები გიორგი ოხანაშვილი და ტარიელ ოხანაშვილი სხვა პირების თანდასწრებით ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ გიორგი რაზმაძეს.
2012 წლის 26 ივნისს გიორგი და ტარიელ ოხანაშვილები დაკავებულ იქნენ პოლიციის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ტარიელ ოხანაშვილს მიესაჯა 45 დღით, ხოლო გიორგი ოხანაშვილს 35 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა,” – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინტერნეტგამოცემა qartli.ge-ს ცნობით, 2012 წლის 23 ივნისს კასპის რაიონის სოფელ დოესის მოსახლეობა სოფლის ცენტრში შეიკრიბა. ისინი სარწყავი წყლის მიწოდებას ითხოვდნენ. მოულოდნელად მათთან ახალგაზრდების 5-6 კაციანი ჯგუფი, კერძოდ, სოფლის გამგებლის ძმისშვილი თანატოლებთან ერთად მივიდა. მან შეკრებილ ხალხს პუტინის მოსყიდულები უწოდა. ამას კი აღელვებულ ხალხსა და მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. დღეს გასამართლებული ტარიელ და გიორგი ოხანაშვილები სწორედ 23 მაისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორები იყვნენ.