ახალი ამბები

აშშ–ის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და გამოწვევები

26 ივნისი, 2012 •
აშშ–ის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და გამოწვევები

აშშ-ის ორპარტიული სისტემის ჭიდილში, რომელსაც 2012 წლის 6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატი ბარაკ ობამა და რესპუბლიკელი მიტ რომნი  წარმოადგენენ, ჯერჯერობით დამოუკიდებელ კვლევით ორგანიზაციებს უჭირთ, ნათლად გამოკვეთონ ერთის უპირატესობა მეორეზე და პირიქით. დამოუკიდებელს იმიტომ აღვნიშნავ, რომ აშშ-ში აქტიურად მოქმედებს როგორც “რესპუბლიკური”, ასევე “დემოკრატიული” პარტიების მხარდამჭერი ორგანიზაციები, რომლებიც თავისთავად საკუთარი პარტიის კანდიდატის უპირატესობაზე საუბრობენ.

აშშ-ის არჩევნები რეგულირდება ფედერალური და შტატების კანონმდებლობით. ფედერალური კანონები უზრუნველყოფენ გარკვეულ პარამეტრებს, რომელიც უკავშირდება მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს ხმის მიცემის შესაძლებლობა. ხოლო შტატის კანონი არეგულირებს პროცედურებს  ხმის მიცემამდე. 

ამ უკანასკნელიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აშშ-ში ამომრჩევლის წინასაარჩევნოდ დარეგისტრირებას.

შეერთებულ შტატებში ამომრჩევლის დარეგისტრირება დიდ დროს, ენერგიას და ფინანსებს მოითხოვს. მოსახლეობის იმ ნაწილისგან განსხვავებით, რომლებიც მზად არიან აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო, ხმის მიცემის პროცესში, ასევე გამოიკვეთება ის კატეგორიაც, რომლებიც არჩევნებს უიმედო თვალით უყურებენ და მიაჩნიათ, რომ ეს დიდად არაფერს შეცვლის მათ ცხოვრებაში. შესაბამისად, ისინი არ მონაწილეობენ არჩევნებში.

დიდი შრომა, ენერგია სჭირდება არჩევნებისადმი უიმედოდ განწყობილი პირების გადარწმუნებას და მათ არჩევნებში ჩართვას. ამ საკითხებზე კი ქვეყანაში უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ასოციაცია აქტიურად მუშაობს.

Rock The Vote  არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანია, დაარწმუნოს ახალგაზრდა ამერიკელები, საარჩევნოდ დარეგისტრირდნენ და არჩევნებზე ხმა მისცენ სასურველ კანდიდატს. ასოციაციის პასუხისმგებელი პირი კრისი ფაესენი აქვე აღნიშნავს, Rock the Vote მიუკერძოებელი ორგანიზაცია და ის მხარს არც ერთ საარჩევნო კანდიდატს არ უჭერს.

აღნიშნული ორგანიზაცია ასევე ახდენს ახალგაზრდა ამომრჩევლების ონლაინ რეგისტრაციას და აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს ახალგაზრდების არჩევნებში ჩასართავად.  

“სოციალურ მედიას შეუძლია გადაწონოს წინასაარჩევნოდ დახარჯული ყველა დოლარი. ეს არის უფრო მეტი ძალა”, – აღნიშნავს ორგანიზაცია Rock the Vote-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელი კრისი ფაესენი და აქვე მინიშნებას ბარაკ ობამას 2008 წლის სოციალურ ქსელებში წარმოებულ წინასაარჩევნო კამპანიასა და მასში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობაზე აკეთებს.

ობამას საარჩევნო კამპანიაში ჩართული ტეხასელი სტუდენტები
ობამას საარჩევნო კამპანიაში ჩართული ტეხასელი სტუდენტები

იმას, რომ 2008 წელს ობამამ ახალგაზრდები აქტიურად მიიმხრო სოციალური ქსელების გამოყენებით,  რესპუბლიკელი აქტივისტი ალისა ფერაც ადასტურებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ უკანასკნელი 4 წლის მანზილზე სიტუაცია მკვეთრად არის შეცვლილი და ობამა აღარ უნდა ელოდოს ახალგაზრდებისგან ხმებს.

“2008 წელს ობამამ ახალგაზრდებისგან ხმების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა მიიღო. მაგრამ ბოლო 4 წელია ქვეყენაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დღეს ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ არჩევნების ბედს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს, რომელიც არცთუ სახარბიელოა ამერიელი ახალგაზრდებისთვის. მათ აქვთ ტრილიონობით დოლარის ვალი მათი განათლებისთვის აღებული და მათი დასაქმების კუთხითაც ისტორიაში ყველაზე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა ამჟამად შექმნილი”, – მიიჩნევს რესპუბლიკელი აქტივისტი ალისა ფერა.

რესპუბლიკელი აქტივისტები – ალისა ფერა და მიხეილ ანტონოპულუსი
რესპუბლიკელი აქტივისტები – ალისა ფერა და მიხეილ ანტონოპულუსი

 

თუმცა რესპუბლიკელი აქტივისტის მოსაზრებისგან განსხვავებულ კვლევას და მონაცემებს აქვეყნებს კვლევითი ორგანიზაცია Pew Research Center, რომლის მიხედვითაც, მილენიალის თაობის 50 პროცენტი იხრება დემოკრატებისკენ და მხარს  ობამას უჭერს. ( ცნობისთვის, The Millenial Generation არის თაობა, რომელშიც შედიან 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები). ხოლო ახალგაზრდების მხოლოდ 36 პროცენტი  მხარს უჭერს რესპუბლიკელებს. დარჩენილი 14 პროცენტი კი არც ერთს  არ ემხრობა.

კვლევის მიხედვით ასევე აღსანიშნავია, რომ 2008 წელს მილენიალის თაობის 58 პროცენტი უჭერდა მხარს პრეზიდენტ ობამას. ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში 8 პროცენტით შემცირდა. მაგრამ ზრდის ტენდენცია 2010 წლის მონაცემებთან შედარებით სახეზეა. 2010-ში ობამას რეიტინგი ახალგაზრდებში ყველაზე დაბალი იყო.

 

რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რის წინაშეც აშშ 2012-ში წინასაარჩევნოდ დგას. ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის პოლიტიკური პროექტის დირექტორის ჯეიმს ჰენსონის განცხადებით, აშშ-ში ნომერ პირველი პრობლემა ეკონომიკური მდგომარეობაა. ასე ფიქრობს ამავე უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოკითხულთა 26 პროცენტი, 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა  ქვეყნის ვალია და 14 პროცენტი სამუშაო ადგილების დეფიციტზე მიანიშნებს.

იგივე შეკითხვა ტეხასის შტატის მაგალითზეც არის დასმული, სადაც ნომერ პირველ პრობლემებად იმიგრაცია სახელდება. ასე მიიჩნევს გამოკითხულთა 16 პროცენტი. 14 პროცენტი თვლის, რომ მთავარი პრობლემა საზღვრების კონტროლია, ხოლო გამოკითხულთა 12 პროცენტი უმუშევრობას ასახელებს.  

 

რაც შეეხება აშშ-ში იმიგრაციისა და არალეგალების საკითხს, რესპუბლიკელების პოზიციაა, რომ მოხდეს აშშ-ის საზღვრების მკაცრი კონტროლი და არალეგალი იმიგრანტების ქვეყნის ტერიტორიიდან გაძევება. თუმცა ამ საკითხზე თვითონ რესპუბლიკელებშიც არ არის ერთიანობა. აღსანიშნავია, რომ ტეხასის ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ სწორედ იმიგრანტებს (აგრარულ სექტორში უმეტესწილად დაბალ ანაზღაურებადი იმიგრანტები არიან დასაქმებულები), რაზეც ოსტინის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი ადრიანა კრუზიც საუბრობს. შესაბამისად, ეს უფრო თეორიულ ბრძოლას ჰგავს, ვიდრე პრაქტიკულს.

იმიგრანტების წინააღმდეგ ბრძოლაში ობამა ჩართვას არ აპირებს და უფრო მეტიც, ის მათ აშშ-ში ლეგალურად საქმიანობის შესაძლებლობის გარანტიასაც კი აძლევს, რაც უფრო ზრდის მათი მიმხრობის ალბათობას.

სტატია მომზადებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის “ახალგაზრდები პოლიტიკაში” ფარგლებში. აღნიშნული ტური მოიცავდა შეხვედრებს დედაქალაქ ვაშინგტონისა და ტეხასის შტატის სხვადასხვა კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი მიზანი იყო აშშ-ის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არსებული გარემოს უკეთ გაცნობა. აღნიშნულ ტურში 34-მდე ქვეყნის ჟურნალისტი მონაწილეობდა, მათ შორის იყო საქართველოც.    

მასალების გადაბეჭდვის წესი