ახალი ამბები

”ქართული ოცნების” წევრი ადვოკატის გარეშე გაასამართლეს

25 ივნისი, 2012 •
”ქართული ოცნების” წევრი ადვოკატის გარეშე გაასამართლეს

ზაქარია ქინქლაძის ადვოკატმა ქეთი ზაქარიაშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ თელავის რაიონულ სასამართლოში ზაქარია ქინქლაძეს ადმინსიტრაციული პატიმრობა ადვოკატისა და მოწმეების გარეშე მიუსაჯეს. ადვოკატმა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა მხოლოდ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ყვარლის იზოლატორში მოახერხა. როგორც ზაქარიაშვილი ამბობს, ზაქარია ქინქლაძე მომხდარით შოკირებული იყო. ის თავის დაკავებასა და რამდენიმე საათში გასამართლებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს.

 

”ქართული ოცნების” ახმეტის შტაბის უფროსის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ განცხადება გუშინ, 24 მაისს გაავრცელა.

 

პოლიციის ინფორმაციით, 24 ივნისს შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში, მოქალაქე პაატა სუხიშვილის განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, ხულიგნობის ფაქტზე, სამართალდარღვევა გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით.

 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით პოლიციამ დაადგინა, რომ 2012 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 08 საათსა და 30 წუთზე, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები, ახმეტის მუნიციპალიტეტის ქისტაურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი პაატა სუხიშვილი, კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომანქანით დედასთან, მედეა სუხიშვილთან ერთად იმყოფებოდა ახმეტის ბაზართან, სადაც ავტოსადგომის მუშაკის მითითებით ავტომანქანა გააჩარეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ქართული ოცნების” ოფისის წინ, თვითონ კი შევიდნენ ბაზარში.

 

”ბაზრიდან გამოსვლის შემდეგ მათთან კუთვნილი ავტომანქანით მივიდა „ქართული ოცნების” ახმეტის ოფისის ხელმძღვანელი ზაქარია ქინქლაძე. ის პაატა სუხიშვილს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც დაახლოებით 40-მდე თვითმხილველი შეესწრო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა პაატა სუხიშვილი, მისი დედა მედეა სუხიშვილი, ასევე შემთხვევის შემსწრე ტრისტან ბერძენიშვილი, რომლებმაც დაადასტურეს ზემოაღნიშნული ფაქტი,” – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ზაქარია ქინქლაძის ადვოკატი ქეთი ზაქარიაშვილი ამბობს, რომ ქინქლაძესა და სუხიშვილს შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ისინი მშვიდად დაცილდნენ ერთმანეთს, რასაც ათეულობით ადამიანი შეესწრო. შემთხვევიდან რადმენიმე საათში, 14:30 საათზე, ზაქარია ქინქლაძე ახმეტის პოლიციაში წაიყვანეს და დააკავეს. თავდაპირველად  ადვოკატს ინფორმაცია ჰქონდა, რომ ქინქლაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება იყო დაწყებული, თუმცა უკვე სასამართლოს დასრულების შემდეგ შეიტყო, რომ ”ქართული ოცნების” ახმეტის შტაბის უფროსი ადმინისტრაციული წესით იყო გასამართლებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი