ახალი ამბები

ნავთობი ქარიშხალმა „დებიმ“ გააძვირა

25 ივნისი, 2012 •
ნავთობი ქარიშხალმა  „დებიმ“ გააძვირა

„დების“ აქტიურობა შემცირებულია, თუმცა  ნავთობის მომპოვებელი კომპანიების საქმიანობა მექსიკის ყურეში მაინც შეფერხდა, რამაც  ნედლი ნავთობის საბითუმო ფასებზე გავლენა უკვე მოახდინა.

ნიუ–იორკის ელექტრონულ ვაჭრობაზე 25 ივნისს ივლისის ფიუჩერსებზე ერთი ბარელი ნავთობი  0,46 დოლარით გაძვირდა და 80,22 დოლარი შეადგინა.  აგვისტოს ფიუჩერსებზე ფასი 0,37 დოლარით გაიზარდა და  ბარელზე 91,35 დოლარი შეადგინა.  

ნედლი ნავთობის გაძვირება ნავთობმომპოვებელი კომპანიების გადაწყვეტილებამაც განაპირობა. „კონკო ფილიპსმა“,  „ანადარკო პეტროლიუმმა“ და  „ბიპიმ“ მექსიკის ყურეში  ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი ივნისის დასაწყისში 23 პროცენტით შეამცირეს და კუთვნილი ობიექტებიდან პერსონალის ევაკუაცია განახორციელეს.

კომპანია „ბი ეიჩ პი ბილიტონმა“, რომელიც მექსიკის ყურეში ორ პლატფორმას ფლობს, ნავთობის მოპოვება 170 ათასი ბარელით შეამცირა.

 ტრადიციულად ენერგობაზრები ყურადღებით აკვირდებიან მექსიკის ყურეში ტაიფუნების სეზონს.  ყველაზე დიდი ზარალი მექსიკის ყურეში ნავთობმომპოვებელ და გადამამუშავებელ კომპანიებს 2005 წელს მიადგათ, როცა ქარიშხალმა „კატრინამ“ და „რიტამ“ მათი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანეს.   

  

მასალების გადაბეჭდვის წესი