სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხება” მიესალმება დავით ბაქრაძის მიერ დღეს, 22 ივნისს, ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას წინასაარჩევნო პერიოდში ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით ყველა სატელევიზიო არხის გადაცემის შესახებ. განცხადება ”ეს შენ გეხებას” წევრებმა დღეს, თბილისში, ფონდ ”ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში გააკეთეს.
”წინასაარჩევნო კამპანია არის მინიმუმ 60 დღე არჩევნებამდე. იმედი გვაქვს პარლამენტი მაქსიმალურად სწრაფად მიიღებს ამ კანონს და ასევე სწრაფად შევა ძალაში. ასევე გვაქვს იმედი, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივას და ამ კანონის მოქმედება არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება,” – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ტელეკომპანია ”იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საარჩევნოდ საქართველოში საკაბელო ოპერატორებს საკუთარ ქსელში ყველა ტელეარხის ჩართვას დაავალდებულებენ.
”ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ქართული კანონმდებლობა უკვე აწესებს ძალიან მაღალ სტანდარტს ინფორმაციის თავისუფლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის, მაგრამ ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს სტანდარტი.
ჩვენ ვმუშაობთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა სატელევიზო არხს მიეცემა საშუალება, უფრო მეტ ამომრჩველს, საზოგადოების უფრო დიდ ნაწილს მაიწვდინოს ხმა და გაიზარდოს სატელევიზიო არხების დაფარვის ზონა. უფრო კონკრეტულად, ეს გულისხმობს წინადადებებს, რომ საარჩევნო პერიოდში მოხდეს ყველა სატაელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით. მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს შეეხება ყველა სატელევიზიო არხს და ეს იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს მეტი ინფორმაცია, ჩვენს მოსახლეობას საშუალება ჰქონდეს, მოუსმინოს ყველა განსხვავებულ აზრს – მისაღებს თუ მიუღებელს და, საბოლო ჯამში, ეს ემსახურება არჩევენების მაღალი დემოკრატიული ხარისხით ჩატარებას,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული დავალდებულება მხოლოდ საარჩევნოდ იმოქმედებს, რადგან ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება ინფორმაციის განსხვავებული წყაროებით. სხვა შემთხვევაშკი კი, ბაქრაძე დაუშვებლად მიიჩნევს სახელმწიფოს ჩარევას ორ ბიზნესსუბიექტს – საკაბელო ოპერატორსა და ტელეკომპანიას – შორის.