დღეს, 21 ივნისს, სამართალდამცავები სატელიტური ანტენების დასაყადაღებლად ერთდროულად შევიდნენ ”გლობალ ტვ”–ის საწყობებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მათ კომპანია ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” იურისტ სანდრო ბარამიძეს გადასცეს დაყადაღების შესახებ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის მიერ მიღებული განჩინება. დოკუმენტს თან არ ახლავს სასამართლოს ბეჭედი და მოსამართლის სტანდარტული ხელმოწერა, რის გამოც დოკუმენტის უკანონობაზე საუბრობს სანდრო ბარამიძე.

 

ვაჟა ფუხაშვილის თანაშემწემ სოფო ლეჟავამ ”ნეტგაზეთს” განუმარტა, რომ 2011 წელს ქართული სასამართლო ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადავიდა და, შესაბამისად, მოსამართლის მიერ დღეს მიღებულ განჩინებას ბოლო ფურცელზე, ქვედა კუთხეში დასმული აქვს მოსამართლის მკრთალი, ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც აქამდე არსებული სტანდარტული ხელმოწერისგან განსხვავდება. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი კანონის სრული დაცვით არის გამოცემული.

 

ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მას მრავალწლიანი საადვოკატო პრაქტიკის მანძილზე არ უნახავს მოსამართლის ხელმოწერის გარეშე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება.  მისი განმარტებით, დოკუმენტს ელექტრონული ხელმოწერაც რომ ჰქონდეს, იქ უნდა იკითხებოდეს, რომ ეს არის მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის ხელმოწერა და არა სხვა პიროვნების, რაც აღნიშნულ განჩინებაზე არ იკითხება.

 

”ხელმოწერილიც რომ ყოფილიყო მოსამართლის ეს გადაწყვეტილება, მაშინაც უკანონო იქნებოდა იმიტომ, რომ ყადაღის შესახებ განჩინება შეიძლება იქნას გამოტანილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე არსებობს ბრალდებული, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობს.

 

გარდა ამისა, რადგან ”გლობალ ტვ” არის მედიაორგანიზაცია, სასამართლოს უნდა მიეღო მხედველობაში, რომ მედიაორგანიზაციები განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფებიან სიტყვის თავისუფლების გამო. თუმცა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა. სასამართლო განჩინებაში მითითებულია დასაბუთებულ ვარაუდზე, რის საფუძველზეც განჩინება ყადაღის დადების შესახებ გამოიცა. რა დასაბუთებულ ვარაუდზეა საუბარი, ეს არ არის ახსნილი,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ, რომელიც აღნიშნული განჩინების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში უახლოეს 48 საათში გეგმავს, თუმცა სასამართლოს იმედი აღარ აქვს და მას ფორმალობად მიიჩნევს.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 ივნისს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ კონტროლის პალატის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება საარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვის ფაქტზე, რაც ეხება ”გლობალ ტვ”–ის ანტენების მონატჟს საქართველოს რეგიონებში. შესაბამისად, ამ ქმედების ხელშეშლის მიზნით, პროკურატურამ სასამართლოსგან ”გლობალ ტვ”–ის დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღება მოითხოვა, რაც სასამართლომ რამდენიმე საათში შეასრულა.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *