ახალი ამბები

პროკურატურამ ყოფილი “კორსტანდარტ” ბანკის ფილიალის ხელმძღვანელი დააკავა

6 ოქტომბერი, 2016 • 1576
პროკურატურამ ყოფილი “კორსტანდარტ” ბანკის ფილიალის ხელმძღვანელი დააკავა

მთავარი პროკურატურის ცნობით, ბანკის კლიენტის კუთვნლი დიდი ოდენობით თანხების გამოყენებით თაღლითობის ბრალდებით სს „კორსტანდარტ ბანკის“ (ახლანდელი “ტერაბანკი”) დიდუბის ფილიალის ყოფილი მმართველი ი. ა. დააკავეს.

“ი. ა.-ს სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე  წვდომა ჰქონდა ბანკის დეპოზიტორთა მონაცემებთან. 2013 წლის 4 აპრილს მისთვის ცნობილი გახდა მოქალაქე მ.ჯ.-ს მიერ ამავე ბანკში დეპოზიტზე 800 000 აშშ დოლარის განთავსების შესახებ. ი. ა.-მ გადაწყვიტა მ.ჯ.-ს დეპოზიტზე არსებული თანხის უზრუნველყოფით იმავე ბანკის ფილიალიდან  სესხის აღება. ამ მიზნით დაამზადა ყალბი დოკუმენტაცია, რომელთა გამოყენებითაც 2013 წლის 4 აპრილს მიიღო 655 000 აშშ დოლარის ოდენობის უკანონო კრედიტი. დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ი. ა.-მ ფულადი თანხები წარმართა წინარე პერიოდში აღებული სხვა კრედიტების გადასაფარად. ამასთან, ი. ა.-მ, იმავე დეპოზიტზე განთავსებული თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოქალაქე მ.ჯ.-ს მოტყუებით მოაწერინა ხელი დოკუმენტაციაზე და 2014 წლის 4 აპრილს დაეუფლა  დეპოზიტზე განთავსებულ 759 800 აშშ დოლარს,”- აცხადებს პროკურატურა.

ირაკლი აბშილავას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით (კრედიტის უკანონოდ მიღება), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი