ახალი ამბები

სპეცოპერაცია ”გლობალ ტვ”–ის ანტენების გამო[განახლებადი]

21 ივნისი, 2012 •
სპეცოპერაცია ”გლობალ ტვ”–ის ანტენების გამო[განახლებადი]

შსს-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შოთა ხიზანიშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ სამართალდამცავები მოქმედებენ სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებში და აყადაღებენ გარკვეულ ქონებას, რომლის დაყადაღებაც პროკურატურამ მოითხოვა. კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სამართალდამცავების შესვლა კიდევ სხვა ობიექტებში, ხიზანიშვილი პასუხობს, რომ  სამართალდამცავებმა ძალიან კარგად იციან, სად შევიდნენ და თუ სადმე შევლენ, ამას აუცილებლად შეგვატყობინებენ.

 

რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სადაც წერია: ”კომპანია „ელიტა ბურჯის” ცენტრალურ და სხვა საწყობებში  პოლიციის წარმომადგენელთა გამოცხადება განპირობებულია „გლობალ  კონტაქტ  კონსალტინგის”  მფლობელობაში არსებული სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით. ზემოთ აღნიშნული ანტენების ძირითადი ნაწილი სწორედ  „ელიტა ბურჯის” საწყობებშია განთავსებული.”

 

”გლობალ ტვ”–ის ფინანსურმა კონსულტანტმა მერაბ ჯაფარიძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ”გლობალ ტვ”–ს საოფისე ფართი იჯარით აქვს აღებული ”ელიტა ბურჯის” თბილისის ოფისის ტერიტორიაზე, თუმცა ამჟამად იქ სატელიტური ანტენები არ ინახება.  მისივე განცხადებით, თანამშრომლები შესვენებაზე იყვნენ გასული, უკან დაბრუნებულებს კი ”ელიტა ბურჯის” ტერირიაზე სამართალდამცავები დახვდნენ.

 

დღეს, 21 ივნისს, სპეცოპერაციის დაწყებამდე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ კონტროლის პალატის მიერ 20 ივნისს მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე. საქმე ”გლობალ ტვ”–ის ანტენებს ეხება. 

 

”გლობალ  კონტაქტ  კონსალტინგისადმი” საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ გრძელდება, ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა. საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, არსებობს საკმარისი საფუძველი, დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე  სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შპს „გლობალ  კონტაქტ  კონსალტინგის” მფლობელობაში არსებული დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ,” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მთავარი პროკურატურის განმარტებით, აღნიშნული მიზნად ისახავს შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.

 

შეგახსენებთ, რომ ”გლობალ ტვ”–ის ანტენების მოსახლეობისთვის 10-წლიანი განვადებით გადაცემის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 126 მილიონამდე ლარით დააჯარიმა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს თანხა გაანახევრა. სასამართლოს შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო მიზნებისთვის მოსახლეობას ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” საშუალებით სატელიტური ანტენები, ფაქტიურად, უსასყიდლოდ გადასცა, რაც ”ქართული ოცნებისთვის” განხორციელებულ უკანონო შემოწირულობად მიიჩნია.  სასამართლომ აღნიშნული იმითაც დაასაბუთა, რომ ”გლობალ ტვ”–ის ანტენების დაყენება კომპანიისთვის ბიზნესის თვალსაზრისით წამგებიანი პროექტია.

 

”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ხელმძღვანელმა ზურა ბაზლიძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კომპანიამ სატელიტური ანტენების მოსახლეობისთვის გადაცემის ბიზნესგეგმა შეცვალა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეკომენდაციების შესაბამისად.  თბილისის სააპელაციო სასამართლმ ”გლობალ ტვ”–ის ბიზნესგეგმის მომგებიანობის დადგენა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაავალა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ აღნიშნული გეგმა ნამდვილად წამგებიანი იყო. 

 

ზურა ბაზლიძის განცხადებით, კომპანიამ გაითავლისწინა აღნიშნული დასკვნა და ”გლობალ ტვ”–ის ბიზნესგეგმა შეცვალა, რაც გულისხმობს სატელიტური ანტენის 10-წლიანი განვადების ვადის 6 წლამდე შემცირებას, ასევე, განვადების ყოველთვიური თანხის – 4 ლარის გაზრდას 5.4 ლარამდე. 

 

”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ ბიზნესგეგმის შეცვლის შესახებ კომპანიამ პრესაში განცხადება უკვე გაავრცელა, თუმცა ამის შესახებ წერილობით არ უცნობებია კონტროლის პალატისთვის. 

 

”ელიტა ბურჯის” ადვოკატი სანდრო ბარამიძე აცხადებს, რომ კომპანიის ანტენების დაყადაღების შესახებ ფაქსით მიღებულ განჩინებას, მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის სახელი აწერია, თუმცა თან არ ახლავს მისი ხელმოწერა. 

 

”ნეტგაზეთის” რეპორტიორი ”ელიტა ბურჯის” მიმდებარე ტერიტორიიდან იტყობინება, რომ ადგილზე მისულები არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები გაგი მოსიაშვილი და კახა კოჟორიძე, რომლებსაც აქვთ ორდერები, თუმცა სამართალდამცავები ”ელიტა ბურჯის” ტერიტორიაზე შესვლისა და საგამოძიებო მოქმედებებზე დაკვირვების საშუალებას არ აძლევენ.

სპეცოპერაცია გლობალ ტვ-ის ოფისი ქვიტირში
სპეცოპერაცია გლობალ ტვ-ის ოფისი ქვიტირში

 

”ნეტგაზეთის” კიდევ ერთი რეპორტიორი გვანცა თოთაძე წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირიდან იტყობინება, რომ ერთ-ერთი მცხოვრების, ლიანა ხარაბაძის სახლში განთავსებულ ”გლობალ ტვ”–ის ოფისში სამართალდამცავებმა უკვე დაასარულეს საგამოძიებო მოქმედებები, ოფისი დალუქეს და ტერიტორიიდან წავიდნენ. წასვლამდე მათ უკან დაბრუნეს ”გლობალ ტვ”–ის ის თანამშრომლები, რომლებიც ქუთაისში ამონტაჟებდნენ სატელიტურ ანტენებს და მათ ხელთ არსებული ტექნიკაც დალუქეს. 

გლობალ ტვ-ის დალუქული ოფისი ქვიტირში
გლობალ ტვ-ის დალუქული ოფისი ქვიტირში

 

სამართალდამცავებმა ასევე დააყადაღეს სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში არსებული ”გლობალ ტვ”–ის ოფისი. აღნიშნულ ობიექტებში სამართალდამცავები თითქმის ერთდროულად შევიდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სამართალდამცავები ასევე შესულები არიან ”გლობალ ტვ”–ის ყვარლისა და თელავის ოფისებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი