ახალი ამბები

ქარტია ტელეკომპანიების კომპლექსურ მედიამონიტორინგს იწყებს

21 ივნისი, 2012 •
ქარტია ტელეკომპანიების კომპლექსურ მედიამონიტორინგს იწყებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მომდევნო 4 თვის განმავლობაში 11 ტელეკომპანიის (მათ შორის, ოთხი რეგიონული მაუწყებლის) საუკეთესო საეთერო დროის (19:00 საათიდან 24:00 საათამდე) კომპლექსურ მედიამონიტორინგს განახორციელებს, კონკურსის საფუძველზე შერჩეული მონიტორების მეშვეობით.

 

მონიტორინგი “ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის – „მედია სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისათვის“ –  ფარგლებში განხორციელდება. პროექტს, რომლის პრეზენტაციაც ხვალ, 22 ივნისს შედგება “თბილისი მერიოტში”, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საერთაშორისო ორგანიზაცია “მემო 98”-თან ერთად ახორციელებს.

 

პროექტი თვალისწინებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის განხორციელებას.  

 

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი ტელევიზიების პროფესიული სტანდარტის ამაღლებას და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებას. ტელევიზიებზე დაკვირვება მოხდება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული პრინციპების დაცვის კუთხითაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი