ახალი ამბები

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილისგან თანხის ამოღების პროცედურა დაიწყო

20 ივნისი, 2012 • • 1184
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილისგან თანხის ამოღების პროცედურა დაიწყო

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით დღესვე დაიწყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები. აღნიშნული პროცედურა პირველ ეტაპზე ითვალისწინებს მოვალის გაფრთხილებას,  7 დღის ვადაში მოახდინოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება, რომლის გასვლის შემდგომაც იწყება იძულებით აღსრულების კონკრეტული პროცედურები. ასევე, ბიძინა ივანიშვილს განემარტება მისი ვალდებულება და ის პროცედურები, რაც გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება მის მიმართ, მისი უფლებები და მოვალეობები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 11 ივნისს კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ორი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის ჯარიმის სახით 148 მილიონ 650 ათას 131 ლარის გადახდა დააკისრა საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა კონტროლის პალატის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობისთვის ”გლობალ ტვ” –ის ანტენების, ფაქტიურად, უსასყიდლოდ გადაცემით, 12 მილიონი ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა ”ქრთული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს სასარგებლოდ”. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ ივანიშვილმა შპს ”ბურჯისა” და ”ელიტა ბურჯის” მეშვეობით ავტომობილები არასაბაზრო ფასად მიაქირავა ”ქართულ ოცნებას”. საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი სადავო თანხის ათამგი ოდენობით დააჯარიმა, ჯარიმის საბოლოო თანხამ კი 148 მილიონ 650 ათას 131 ლარი შეადგინა.

 

აღნიშნული ჯარიმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 15 ივნისს გაანახევრა, შედეგად, ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტის სასარგებლოდ საბოლოოდ 74 მილიონ 325 ათას 065 ლარის გადახდა დაევალა. ბიძინა ივანიშვილი დაკისრებულ ჯარიმას უკანონოდ მიიჩნევს. მან საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ ის ამ ჯარიმის გადახდას არ აპირებს. 

ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი