ახალი ამბებისამართალი

ნანუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე: სავარაუდოდ, ვიღაც ცდილობს, ხელი დააფაროს დამნაშავეებს

5 ოქტომბერი, 2016 • 1114
ნანუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე: სავარაუდოდ, ვიღაც ცდილობს, ხელი დააფაროს დამნაშავეებს

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ უკმაყოფილოა იმით, რომ ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა და ვარაუდობს, რომ “ვიღაც ცდილობს ხელი დააფაროს კონკრეტულ დამნაშავეებს”.

“ჩვენ მიმდინარე წლის მარტში დავიწყეთ სპეციალური კამპანია, წამზომი ჩავრთეთ და დავიწყეთ დღეების ათვლა, თუ რამდენ ხანში მოხდებოდა ფარული ჩანაწერების (რომელიც მარტში გავრცელდა) გამოძიება. მას შემდეგ 200-ზე მეტი დღე გავიდა, გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი გამოძიების შედეგებით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის უცნობია გამოძიების კონკრეტული შედეგი, საზოგადოებას აქვს მოლოდინი, ინტერესი, რომ რეალური შედეგი დადგეს გამოძიების”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა დღეს, 5 ოქტომბერს, სააგენტო „პირველის“ პრესკბლუბში ჟურნალისტებთან საუბრისას.

სახალხო დამცველის თქმით, როდესაც ქვეყანაში ათასობით უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი არსებობს, ხოლო დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა გვიანდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვიღაც ცდილობს, არ დადგეს შედეგი და რაღაცნაირად ხელი დააფაროს კონკრეტულ დამნაშავეებს. “ყველა ასეთი პრაქტიკა უნდა იყოს გამოძიებული. როდესაც არის საუბარი ათასობით უკანონო ჩანაწერზე, უნდა არსებობდეს კონკრეტული პირი, რომელიც პასუხს აგებს”, – ამბობს ნანუაშვილი.

უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე პირს აქვს ბრალი წაყენებული, რაც, მისი შეფასებით, “არასაკმარისი და არაადეკვატურია იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც სისტემური ხასიათის იყო”. “დღემდე პასუხი ამ კადრებთან დაკავშირებით არავის უნახავს”, – დასძენს სახალხო დამცველი.

2016 წლის 2 ოქტომბერს, გვიან ღამით, ინტერნეტში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს შორის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერი ატვირთულია georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ იუთუბ არხზე. უშუალოდ ვებ-გვერდზე georgia-news.org აღნიშნულია, რომ ის შექმნილია ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლებიც მუშაობენ რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში. ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ჩანაწერები ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის. გვარამიას თქმით, ჩანაწერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გვარამიას კომპიუტერში უკანონოდ შეღწევის შედეგადაა მოპოვებული, ან  სუს-ს “რუსთავი 2”-ში ჰყავს თავისი წარმომადგენელი და სწორედ ამ გზით მოიპოვა აღნიშნული ჩანაწერი.

შსს-მ გვარამიას განცხადების საფუძველზე გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს სსკ-ს 284-ე და 159-ე მუხლებით). გამოძიება ასევე დაწყებულია ნიკა გვარამიასა და პოლიტიკური ბლოკის, “სახელმწიფო ხალხისათვის”, ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს შორის 8 სექტემბრის სატელეფონო საუბრის გავრცელებასთან დაკავშირებით – ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი