ახალი ამბები

კვირიკაშვილი აფეთქებაზე: ეს წინასაარჩევნოდ არეულობის მიზნით დაგეგმილი პროვოკაციაა

5 ოქტომბერი, 2016 • 1255
კვირიკაშვილი აფეთქებაზე: ეს წინასაარჩევნოდ არეულობის მიზნით დაგეგმილი პროვოკაციაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა. მომხდარს პრემიერი პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ დეპუტატის მანქანის აფეთქება მხოლოდ იმ პოლიტიკური ძალის ინტერესებში შედის, ვინც ქვეყანაში წინასაარჩევნო მშვიდ გარემოს ვერ ეგუება:

“ის, რაც მოხდა დღეს საღამოს თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ, ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. უკვე დაწყებულია გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება დამნაშავე პირების დასაკავებლად.

ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს.

მინდა მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებს და განმახორციელებლებს – თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ვერ ცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა! ყველა აგებს პასუხს!

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ და არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას!” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კოლმეურნეობის მოედანთან საქართველოს პარლამენტის დეპუტატ, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. შემთხვევის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, 4 ადამიანი დაშავდა. ყველა მათგანი გამვლელი იყო. შემთხვევა 4 ოქტომბერს, დაახლოებით 21.40 საათზე მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი