ახალი ამბები

ივანიშვილის ბოლო შანსი საქართველოში

14 ივნისი, 2012 • • 1415
ივანიშვილის ბოლო შანსი საქართველოში

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უკანონობის გასაჩივრების ზედა ინსტანცია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, სააპელაციო სასამართლოა. ამის შემდეგ, აპელანტის სურვილის შესაბამისად, საჩივრის გაგზავნა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია შესაძლებელი, სადაც საქმის განხილვას წლები სჭირდება.

 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ ისინი ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებენ სტრასბურგში, რადგან სააპელაციო სასამართლოში  პროცესის იმედი არა აქვთ.

 

დღეს, 14 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ორი პროცესი გაიმართა, რომლებიც ეხებოდა ”გლობალ ტვ” –ის ანტენების მოსახლეობისთვის  გადაცემისა და შპს ”ბურჯის” და ”ელიტა ბურჯის”  მიერ ”ქართული ოცნებისთვის” ავტომობილების მიქირავების გამო საქალაქო სასამართლოს მიერ ივანიშვილის დაჯარიმების კანონიერების გარკვევას.

ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური

 

პროცესები ათწუთიანი შუალედებით გაიმართა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ მას არ ეძლევა პროცესში ეფექტური მონაწილეობის საშუალება, რადგან ორივე სასამართლო მასალების გასაცნობად 24 საათზე ნაკლები დრო ჰქონდა. საქალაქო სასამართლომ არ გადადო პროცესი გონივრული დროით და სააპელაციოში საქმეების განხილვაც ერთსა და იმავე დღეს დაინიშნა.

 

ადვოკატებმა– ალექსანდრე ბარამიძემ და შალვა თადუმაძემ ორივე პროცესზე მოსამართლეებს კიდევ ერთხელ მოახსენეს თავიანთი არგუმენტები, თუ რატომ არის უკანონო საქალაქო სასამართლოს მიერ ბიძინა ივანიშვილის 148 მილიონით დაჯარიმება. 

 

 საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის მსგავსად, ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოშიც მოითხოვეს საქმის შეწყვეტა და დავის გადატანა საკონსტიტუციო სასამართლოში. ბარამიძისა და თადუმაძის მოსაზრებით, კონტროლის პალატა კონსტიტუციური ორგანოა და მისი ფუნქციებიც კონსტიტუციითა დადგენილი, სადაც არაფერი წერია პოლიტიკური პარტიების ფინანსურ მონიტორინგზე.  მათი თქმით, ორგანულ კანონში შესული ცვლილება არ შეესაბამება კონსტიტუციას.  მათ ასევე მოითხოვეს კონტროლის პალატისა და ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” თანამშრომლების დაკითხვა. ადვოკატთა ეს შუამდგომლობები სააპელაციო სასამართლომ იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ ანალოგიურ შუამდგომლებებზე მიღებული უარი გადაწყვეტილებასთან ერთად არის გასაჩივრებული და სააპელაციო სასამართლო ამ საკითხებზე ისედაც იმსჯელებს. 

 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა – კობა გოცირიძემ და ნანა დარასელიამ მათ არ მისცეს ადეკვატური დრო საქმის მასალების გასაცნობად, ასევე, კანონის დარღვევით გამოიტანეს გადაწყვეტილება ივანიშვილის დაჯარიმებაზე.

 

კონტროლის პალატის წარმომადგენელი გიორგი ამირანაშვილი კვლავ ამტკიცებდა, რომ ”გლობალ ტვ” –ის ანტენების დაყენება, ასევე შპს ”ბურჯისა” და ”ელიტა ბურჯის” მიერ ”ქართული ოცნებისთვის” ავტომობილების მიქირავება, ივანიშვილის ფულით, ”თავლთამქცური გარიგებით” ხდებოდა, რაც უკანონო შემოწირულობად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

აღნიშნულ კომპანიებთან კავშირს კონტროლის პალატა და საქალაქო სასამართლო იმით ამტკიცებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი  ოფშორულ ზონაში არიან დარეგისტრირებული, მათი წარმომადგენელი საქართველოში არის  ბიძინა ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილი.  საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ პიროვნებას კონტროლის პალატის წარმომადგენელები ხან ივანიშვილის დისშვილად, ხან კი დეიდაშვილად წარმოადგენდნენ, სააპელაციო სასამართლოში კი განაცხადეს, რომ ის ”ქართული ოცნების” ლიდერის ნათესავია. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა ივანიშვილის მხარის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში იურიდიულად არც ერთ კომპანიას არ ფლობს. აღნიშნულ მოსაზრებას კონტროლის პალატაც ეთანხმება, თუმცა, მათი განცხადებით, ”ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ კომპანიების უკან ივანიშვილი დგას.”

 

სააპელაციო სასამართლომ დღეს ასევე მოისმინა ორივე მხარის არგუმენტები, თუ რამდენად მომგებიანი იყო ”გლობალ ტვ”–ის ანტენების პროექტი კომპანიისთვის, თუმცა გადაწყვიტა, რომ ამ საკითხის დასადგენად ექსპერტული ცოდნაა საჭირო. შესაბამისად, ეს საკითხი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა  ბიურომ უნდა შეისწავლოს. თუ აღნიშნილი დასკვნა 15 ივნისს, 13 საათისთვის მზად იქნება, მაშინ პროცესი განახლდება და შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გახდეს ცნობილი. აღნიშნულ საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია შემდეგი შემადგენლობით:  სხდომის თავმჯდომარე – ნათია ქუთათელაძე, ირაკლი შენგელია და ქედევან დუგლაძე.

 

რაც შეეხება ”ბურჯისა” და ”ელიტა ბურჯის”  გამო ივანიშვილის დაჯარიმების საკითხს,  აღნიშნულზე გადაწყვეტილებას 15 ივნისს, 15 საათზე გამოიტანენ მოსამართლეები– მერაბ ლომიძე, ირაკლი შენგელია და ლეილა მამულაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი