”მიუხედავად იმისა, რომ  ფაქტის აღმოჩენის შემდგომ შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავები მივიდნენ და შეისწავლეს ვითარება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვიდეო და აუდიომასალა, თუ რა იყო აღმოჩენილი ბატონი გია ხუხაშვილის სახლში, ჩვენ მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უმოკლეს ვადაში გამოიძიონ საქმე და მოახდინონ სათანადო რეაგირება. სამართალდამცავებმა საქართველოს მოსახლეობას უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა მოხდა რეალურად. ჩვენ არსებულ ვიდეო და აუდიომასალას მივაწვდით საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომ მოახდინონ ამ ფაქტის შეფასება,” – განაცხადა ”ქართული ოცნების” პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

გია ხუხაშვილის განმარტებით, გუშინ მის სახლში აღმოჩენილი იქნა მოსასმენი აპრატურა. როგორც ხუხაშვილი ამბობს, საკმაოდ დიდი ზომის მოსასმენი აპარატურა იყო მოთავსებული მის მაღლა, მეზობელ ბინაში, რომელიც დიდი ხანია სარემონტოა და დაკეტილია.

”მეზობელმა გადაწყვიტა ბინის გარემონტება, სახლში შესულს კი დახვდა საკმაოდ დიდი ზომის აპარატურა. პირველადი ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ ეს არის მოსასმენი აპარატურა, რომელიც შეერთებულია სპეციალურ გადამცემთან. იქვე აღმოჩენილია ავტონომიური კვების ბლოკი, რაც უზრუნველყოფდა აპარატურის მუშაობას დენის გამორთვის შემთხვევაში. მოსასმენი აპარატის კაბელი გახვრეტილი ჭერიდან ჩემს ბინაში ე.წ. თაბაშირ-მუყაოს უკან იყო ჩამოშვებული. ნახვის მომენტში აპარატურა იყო ჩართული და სიგნალს იძლეოდა,” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის თქმით, აღმოჩენილი ფაქტის ანალიზის საფუძველზე იკვეთება 2 ტიპის სამართალდარღვევა: ერთი მხრივ, პიროვნების პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა და მეორე – სხვის საკუთრებაში უკანონო შეღწევა. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფაქტის ობიექტური გამოძიება, ვინაიდან ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როცა პოლიტიკოსის ბინაში აღმოჩენილია მოსასმენი აპარატურა.

გია ხუხაშვილის თქმით, იმავე კორპუსში, სადაც მისი ბინაა განთავსებული, ცხოვრობს ირაკლი ალასანიაც, რომლის თავზე მდებარე საცხოვრებელი ბინა, ხუხაშვილის შემთხვევის მსგავსად, ცარიელია.  

”საინტერესოა ის გარემოება, რომ ამავე კორპუსში ცხოვრობენ: დავით კეზერაშვილი, გიორგი ბარამიძე და ირაკლი ალასანია. არ არის გამორიცხული, რომ ყველა მათგანის ბინები ისმინებოდიეს. ჩვენ უკვე მივმართეთ ირაკლი ალასანიას თხოვნით, რომ შეამოწმოს საკუთარი სახლი,” – განაცხადა ხუხაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ დროისთვისაც მიმდინარეობს მუშაობა გია ხუხაშვილის სახლში აღმოჩენილი მოსასამენი აპარატურის საქმეზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *