ახალი ამბები

შსს: სექტემბერში ირანიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

3 ოქტომბერი, 2016 • 2239
შსს: სექტემბერში ირანიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. სამინისტროს ცნობით, 2016 წლის სექტემბერში საქართველოს საზღვარზე 631 302 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია.

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში შემოვიდა 304 814 ტურისტი, რაც საერთო რაოდენობის 48,3%-ია და მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 34,2%-ითაა გაზრდილი. დაფიქსირდა ასევე 148 718 ტრანზიტული ვიზიტი, რომელიც 3.8%-ითაა მომატებული.

slide1

slide2

მონაცემებში ასევე ვხვდებით “სხვა” კატეგორიას, რომელში 177 770 ვიზიტია დაფიქსირებული. ის საერთო რაოდენობის 28,2%-ია და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10%-ითაა შემცირებული.

2016 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი, გასული თვეების მსგავსად, სომხეთიდან (+4,2%), აზერბაიჯანიდან (+7,6%), თურქეთიდან (-21,5%), რუსეთიდან (+31,3%), უკრაინიდან (+28,1%) და ირანიდან (+571,9%) განხორციელდა.

slide3

გასულ თვეს საქართველოში თავშესაფარის მაძიებელი შემოვიდა – ირანიდან 22, ერაყიდან- 72, ნიგერიიდან- 68, სომალიდან და უკრაინიდან- 33-33, ინდოეთიდან- 35.

ჯამში, იანვარ-სექტემბრის ინტერვალში, ქვეყანაში 4 879 031 ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. ასევე დაფიქსირდა 2 156 731 ტურისტული ვიზიტი, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 19,5%-ით მეტია.

შსს-ს ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩევა ლატვია, იტალია, ლიტვა და საფრანგეთი (შესაბამისად, 26%, 9%, 9% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (34%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (29%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (56%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 15%-იანი მატებით. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ვიზიტებიც 12%-ით გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი