ახალი ამბები

რა აჩუქა პრეზიდენტმა სკოლის დირექტორებსა და “მე–9 არხის” ჟურნალისტებს

13 ივნისი, 2012 • 1227
რა აჩუქა პრეზიდენტმა სკოლის დირექტორებსა და “მე–9 არხის” ჟურნალისტებს

საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 11 ივნისს სამართალდამრღვევად სცნო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბარათაშვილი იმის გამო, რომ სააღდგომო დღესასწაულის წინა დღეებში მან რუსთავში, რამდენიმე ქუჩაზე მოსახლეობას საჩუქრად 20 ლიტრი ღვინო და თითო სული ცხვარი დაურიგა. 

 

ბარათაშვილმა, რომელიც, იმავდროულად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელია, კონტროლის პალატის ცნობით,  მოსახლეობას საჩუქრები საკუთარი სახსრებით დაურიგა და ამ პროცესის ორგანიზებაც თავად განახორციელა. 

 

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა დაადგინა, რომ სახეზეა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა ბარათაშვილმა, ორგანული კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის გზით, პარტიის სასარგებლოდ 7920 ლარის უკანონო შემოწირულება განახორციელა, რაც კანონით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

 

გახდება თუ არა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მხრიდან მოკვლევის საგანი პრეზიდენტის მიერ, რომელიც, იმავდროულად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერია, დირექტორებისთვის ღვინის საჩუქრად გადაცემა?

 

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ლელა ტალიური ამბობს, რომ ამ ფაქტით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს კონტროლის პალატა:

“ეს ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე და იქნას შესწავლილი კონტროლის პალატის მიერ. გასარკვევია, რას ემსახურებოდა ამ საჩუქრის გადაცემა”, – აცხადებს ლელა ტალიური.

 

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ რეზიდენციაში გუშინ, 12 ივნისს თბილისის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდა. დირექტორები პრეზიდენტის სასახლიდან სასაჩუქრე პაკეტებით გამოვიდნენ. ეს კადრები ტელეკომპანია “მე-9 არხმა” გუშინვე პირდაპირ ეთერში გადასცა, თუმცა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა საჩუქრები მიიღეს მათ მიხეილ სააკაშვილისგან, დირექტორები არ პასუხობდნენ.

 

პრეზიდენტის სასახლეში გუშინ მიხეილ სააკაშვილს, სხვა დირექტორებთან ერთად, შეხვდა საბავშვო ბაღის “ჩიორას” დირექტორი ეკატერინე მაკარიძე:

“სიმბოლური საჩუქარი მივიღეთ, ქართული ღვინო იყო და ბუკლეტები, რომელშიც, რაც ხდება ჩვენთან გარშემო, რეფორმებთან და გარემოს გალამაზებასთან დაკავშირებით, იყო ინფორმაცია”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ეკატერინე მაკარიძემ.

“მე არ წამომიღია სასაჩუქრე პაკეტი, მაგრამ, როგორც ითქვა, საჩუქარი იყო ღვინო პრეზიდენტის მარნიდან”, – განაცხადა თბილისის #24 საჯარო სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, მანანა მანჯგალაძის თქმით, ღვინო, რომელიც გუშინ დირექტორებს საჩუქრად გადაეცათ, ყვარლის რაიონში, პრეზიდენტის მარანში, მისი ოჯახის პირადი დანახარჯით ჩამოისხა:

 

“როგორც იცით, დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი და მისი ოჯახი ფლობს მიწის ნაკვეთს და სახლს ყვარლის რაიონში. შარშან შემოდგომაზე მიღებული მოსავლის შემდეგ პრეზიდენტის და მისი ოჯახის პირადი დანახარჯით, მისივე ვენახიდან მოწეული მოსავლიდან ჩამოისხა ლიმიტირებული რაოდენობის სასუვენირო ღვინო, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ საპატიო სტუმრებს განსაკუთრებულ შემთხვევაში გადაეცემათ,” – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტის სასახლე საჯარო სივრცეა და ბევრ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მოინახულოს ეს სასახლე:

 

“რაც შეეხება სუვენირების პაკეტს, როგორც წესი, ყოველი ასეთი დათვალიერების შემდეგ, ყოველ ვიზიტორს გადაეცემა მცირედი სუვენირის პაკეტი”, – აცხადებს მანანა მანჯგალაძე.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღესაც გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის სასახლეს დღეს  სტუდენტებთან ერთად “მე-9 არხის” გადამღები ჯგუფი სტუმრობდა, რომლებსაც “ჩვეულებისამებრ სიმბოლურად სუვენირები გადაეცათ”, თუმცა “მე-9 არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მათ გადამღებ ჯგუფს საჩუქრად მხოლოდ ახალი პარლამენტის შენობის და რეზიდენციის ბროშურები მისცეს საჩუქრად და არა – ღვინო, როგორც ეს გუშინ სკოლებისა და ბაღების დირექტორების შემთხვევაში მოხდა.

 

თბილისის მასშტაბით ორასზე მეტი საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სავარაუდოდ, ამდენივე რაოდენობის ღვინო დაარიგა გუშინ პრეზიდენტმა  საჩუქრად დირექტორებზე.

 

საია-ს იურისტი ამბობს, რომ თუკი 100 ლარზე მეტი რაოდენობის თანხაზეა ლაპარაკი, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებიც იკვეთება, ამიტომ, ლელა ტალიურის თქმით, ეს ფაქტი კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეისწავლოს.

 

მანანა მანჯგალაძე აცხადებს, რომ დირექტორების გუშინდელ ვიზიტს პრეზიდენტის სასახლეში და მათთვის საჩუქრების გადაცემას საერთო არაფერი აქვს არჩევნებთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 2009 წლიდან მოყოლებული სასახლემ 43 675 სტუმარი მიიღო.

 

საჯარო სკოლების დირექტორებმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადეს, რომ პრეზიდენტთან საუბარი, ძირითადად, ახალ საგამოცდო სისტემას (8+1) შეეხო, ამას გარდა, როგორც #24 საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია ამბობს, პრეზიდენტი მასწავლებლებს ხელფასების მომატებასაც დაპირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი