ახალი ამბები

ჯარიმები ქველმოქმედების ნაცვლად

12 ივნისი, 2012 • • 1621
ჯარიმები ქველმოქმედების ნაცვლად

კონტროლის პალატამ  მიმდინარე წლის 14 მაისს 4 მლნ 760 ათასი ლარით დააჯარიმა კომპანია “მენეჯმენტ სერვისი”, რომელმაც “ქართული ოცნებისთვის” საქართველოს რეგიონებში 60-მდე ოფისი დაიქირავა და გაარემონტა. კონტროლის პალატის მტკიცებით, 22 ოფისის დაქირავება-გარემონტება “მენეჯმენტ სერვისს” დაუჯდა 476 ათასი ლარი, რაც ”ქართული ოცნების” სასარგებლოდ გაკეთებულ უკანონო შემოწირულობად იქნა მიჩნეული და კომპანია თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა არ დააკმაყოფილა ”მენეჯმენტ სერვისის” საჩივარი ჯარიმის გაუქმებაზე, სააპელაციომ კი კანონში 28 მაისს შესული ცვლილებით იხელმძღვანელა და კანონიერად მიიჩნია კომპანიის არა ათმაგი, არამედ ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმება. შესაბამისად, კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული თანხა განახევრდა. აღნიშნულ საქმეზე საქართველოში ყველა სამართლებრივი რესურსი ამოიწურა, ადვოკატები სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ამზადებენ.

 

საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 166-დღიანი არსებობის მანძილზე ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად, ასევე, მასთან და ”ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ორგანიზაციები და პირები, ჯამში, 160 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. მმართველი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობად მიიჩნია 7 920 ლარი. კონტროლის პალატის ცნობით, ნაცმოძრაობის წევრმა კახა ბარათაშვილმა რუსთავის მოსახლეობას ღვინო და ცხვარი დაურიგა. სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოშია გადაგზავნილი და ბარათაშვილს ამ თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმება ემუქმება.   

 

საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები 2011 წლის 30 დეკემბერს შევიდა ძალაში, რის

ნათია მოგელაძე
ნათია მოგელაძე

შედეგადაც პარტიების ფინანსური მონიტორინგი კონტროლის პალატას დაევალა. პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსად კი საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი, ნათია მოგელაძე დაინიშნა.

 

იანვარი, 2012 – ნათია მოგელაძემ  27 იანვარს  საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნება” პირველად დაადანაშაულა ”მოჩვენებით გარიგებაში” და კომპანია ”ელიტა ბურჯისთვის” უკანონო შემოწირულობად მიჩნეული თანხის – 1 მილიონ 100 ათასი ლარის დაბრუნება  მოსთხოვა, რაც კოალიციამ შეასრულა.

 

თებერვალი, 2012 – პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 27 თებერვალს უკანონო შემოწირულობად მიიჩნია შპს ”ქართუ მშენებლის” თანამშრომლის მიერ ”ქართული ოცნებისთვის” 20 ათასი ლარის ჩარიცხვა. კონტროლის პალატის ცნობით, ”ქართუ მშენებელმა” თანამშრომელ ნუგზარ ხუციშვილს არაადეკვატურად დიდი პრემია  – 40 ათასი ლარი გადასცა, საიდანაც ხუციშვილმა 20 ათასი მოძრაობა ”ქართულ ოცნებას ჩაურიცხა”.  კონტროლის პალატამ აღნიშნული უკანონო შემოწირულობად მიიჩნია და სამივე სუბიექტი 200-200 ათასი ლარით, ჯამში კი, 600 ათასი ლარით დააჯარიმა.

 

მარტი, 2012 – კონტროლის პალატამ ასევე მიმდინარე წლის 12 მარტს 822 040 ლარით დააჯარიმა ”ქართუ ბანკი”. მაკონტროლებლის ცნობით, ,,ქართუ ბანკმა“ თავის თანამშრომლებს ჩაურიცხა დიდი ოდენობით პრემია – 82 204 ლარი, ამ თანხის აიპ ,,საზოგადოებრივი მოძრაობა – “ქართული ოცნებისთვის“ შემდგომი გადარიცხვის მიზნით. აღნიშნულს ადასტურებდნენ ბანკის ის თანამშრომლები, რომლებსაც პრემიები ჩაერიცხათ. ”ნეტგაზეთმა” მაშინ  გამოარკვია,  რომ ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი რამაზ ქურდაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ირინე ქურდაძის ძმაა. ამ უკანასკნელის მეუღლე კი, ირაკლი კობალაძე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობს პროკურორად.

 

აღნიშნული ფაქტიდან სამ დღეში, 15 მარტს, კონტროლის პალატამ ”ქართული ოცნებისთვის” უკანონო შემოწირულობის გამო 2 მილიონ 500 ათასი ლარით დააჯარიმა შპს ”ელიტა ბურჯი”.  მაკონტროლებელი უწყების ცნობით, პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლა შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ მოძრაობა „ქართული ოცნებისათვის“ ბრენდირებული მაისურების დამზადების კანონიერება. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ელიტა ბურჯმა“, როგორც იურიდიულმა პირმა, 150 000 აშშ დოლარის (250 000 ლარის) უკანონო შემოწირულობა განახორციელა პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, ჯარიმის თანხა საეჭვო თანხის ათმაგი ოდენობით განისაზღვრა.

 

კონტროლის პალატამ 2012 წლის მარტში პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი პირველად დააჯარიმა.  ჯარიმის თანხამ 2 მილიონ 725 ათას 970 ლარი შეადგინა. კონტროლის პალატის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა 272.597 ლარის ოდენობის ხელფასები უკანონოდ გასცა იმ პირებზე, რომლებიც ”ქართული ოცნების” სასარგებლოდ მუშაობდნენ. “ქართულ ოცნებაში” განმარტეს, რომ ეს თანხა ბიძინა ივანიშვილმა თავის პირად კონსულტანტებს გადაურიცხა კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე და რომ ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა აიპ “ქართულ ოცნებასთან”.

 

მაისი, 2012 – კოალიცია ”ქართული ოცნებისთვის” საქართველოს რეგიონებში საოფისე ფართების უკანონოდ მიქირავებისა და გარემონტების მოტივით, კონტროლის პალატამ 4 მილიონ 760 ათასი ლარით დააჯარიმა კომპანია ”მენეჯმენტ სერვისი”. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერად სცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი აღნიშნული თანხა გაანახევრა, რადგან მიიჩნია, რომ კონტროლის პალატას აღნიშნული კომპანია, კანონში შესული ცვლილების შესაბამისად, სამართალდარღვევის მხოლოდ ხუთმაგი ოდენობით უნდა დაეჯარიმებინა.

 

ფინანსურის მონიტორინგის სამსახურმა ასევე ”ქართულ ოცნებასთან” კავშირის მოტივით დააყადაღა საქველმოქმედო ფონდი ”ქომაგი”, გარდა ამისა, გერმანიის მოქალაქე ბიძინა გიორგობიანი ”ქომაგისთვის” გადმორიცხული 90 ათასი ევროს ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. კონტროლის პალატის განმარტებით, ”ქომაგის” დაარსებაზე განცხადებები ”ქართული ოცნების” ლიდერებმა გააკეთეს, შესაბამისად, ეს ფონდი პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდება და მის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

 

ივნისი, 2012 – ყველაზე მსუყე ჯარიმა – 148 650 131 ლარის ოდენობით თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მოთხოვნის საფუძველზე 11 ივნისს დააკისრა ბიძინა ივანიშვილს ”გლობალ ტვ”-ის ანტენების დაყენებისა და ”ქართული ოცნებისთვის” მანქანების მიქირავების გამო. ბოლო დროს კანონში შესული ცვლილების შესაბამისად, კონტროლის პალატა ადგენს სამართალდარღვევის ოქმს, გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ კი სასამართლოს გამოაქვს.

 

ივანიშვილის ადვოკატები, სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებების მსგავსად, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც გეგმავენ ზემდგომ ინსტანციებში. შიდა რესურსის ამოწურვის შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.

 

ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პირველი პერსონალური ჯარიმა – 2 მილიონ 725 ათას 970 ლარის ოდენობით უკვე გადაიხადა ბიუჯეტის სასარგებლოდ, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, გადაიხდის თუ არა ახლად დაკისრებულ 148-მილიონიან ჯარიმას.  რაც შეეხება ივანიშვილთან კავშირის გამო დაჯარიმებულ კომპანიებს, ისინი აცხადებენ, რომ მათ ამ ჯარიმების გადახდის შესაძლებლობა არა აქვთ, შესაბამისად, ისინი გაკოტრების საფრთხის წინაშე დგანან.

 

”ფულს, რომელსაც ისინი უკანონოდ კრებენ ჩემი ორგანიზაციებიდან, თუ ჩემი პირადი ანგარიშიდან, მე მაინც ვაპირებდი ის ქვეყნისთვის მომეხმარებინა და ამ მხრივ მე განცდა არა მაქვს და ძალიანაც კარგია, რომ ეს ფული მოხმარდება ჩემს ქვეყანას, მაგრამ პარალელურად იმ ფორმით, რა ფორმითაც ესენი ახერხებენ ამ თანხის მოკრებას, ისინი მაქსიმალურად კარგად აჩვენებენ საკუთარ სახეს. ამ მხრივ მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მოხერხდა, ჩემთან დამოკიდებულებაში ხელისუფლებას ბოლომდე გამოეშკარავებინა მისი სახე და ის ფასადური დემოკრატია, რომლითაც ის ცდილობდა შეცდომაში შეეყვანა ევროპა და საქართველო, პრაქტიკულად ნიღაბი მოიხსნა და ყველაფერი აჩვენეს”, – ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის მარტში მაშინ  გააკეთა, როცა მასთან დაკავშირებული კომპანიების ჯარიმებმა 7 მილიონს მიაღწია.

 

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის კუთვნილი საქველმოქმედო ფონდებიდან გასული წლების განმავლობაში, როდესაც ის მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა, კონკრეტული ინფრასტრუქტურული და სხვა სამთავრობო პროექტებისთვის წელიწადში საშუალოდ 200 მილიონამდე ლარი იხარჯებოდა.

 

“ფორბსის” ბოლო მონაცემებით კი, ბიძინა ივანიშვილის ქონება 900 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და ის მსოფლიო მილიარდერთა სიაში 153–ე ადგილზეა 6.4 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით.

ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი