ახალი ამბები

ნაციონალისტური მსვლელობისას დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა არ შეუფარდა

30 სექტემბერი, 2016 • 2126
ნაციონალისტური მსვლელობისას დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა არ შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 სექტემბრის ნაციონალისტური მსვლელობისას დაკავებული 12 მონაწილისგან 7 არასრულწლოვანს აღმკვეთი ღონისმშობლების სახით მშობლების ზედამხედველობა შეუფარდა, დანარჩენ 5-ს კი – გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით.

იმის გამო, რომ დაკავებულთა ნაწილი არასრულწლოვანია, მოსამართლემ სხდომა დახურა. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის ცნობით, პროკურორი იმედა გუგუშვილი ყველა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ხოლო კიდევ ერთი ადვოკატის, ნიკოლოზ წულეისკირის ცნობით, დაკავებულთა ნაწილმა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შყამდგომლობა დააყენა, ნაწილმა კი – ბრალდებულის მშობლების ზედამხედველობის ქვეშ გამწესება.

ერთი-ერთი ბრალდებულის, ი. გ.-ის, ადვოკატი, მარი ქუთათელაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა წარმოდგენილი და, მისივე თქმით, სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ სასამართლომ დაცვის მხარეთა შუამდგომლობები დააკმაყოფილა. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საერთოდ არ იღებდა მსვლელობაში მონაწილეობას და შემთხვევით, გავლით მოხვდა ადგილზე. მისი თქმით, დაცვის მხარე არ აპირებს, სასამართლოს გადაწყვეტილება (გირაოს შეფარდება) გაასაჩივროს.
სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, მსვლელობის მონაწილეები – ნაციონალისტური ჯგუფების, “ქართული ძალის”, “ბერგმანის”, “დინამო ულტრასის”, “ედელვაისისა” და სხdვათა წევრები (150-მდე 17-დან 30 წლამდე ადამიანი) 5 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ, 6 საათის შემდეგ ადგილზე შეძახილები დაიწყეს, 7-ის ნახევრისთვის კი გმირთა მოედნისკენ გაემართნენ. გმირთა მოედნიდან აღმაშენებლის გამზირზე გადაინაცვლეს. ისმოდა მათი შეძახილები: “ქართველები საქართველოსთვის”, ასევე აგინებდნენ რუსეთს, თურქეთსა და მათ მოქალაქეებს. აღმაშენებლის გამზირზევე ქუჩაში არსებული თურქულენოვანი ბანერები ჩამოყარეს და გადაუარეს.

მას შემდეგ, რაც მსვლელობის მონაწილეები მარჯანიშვილის მეტროს მოპირდაპირე მხარეს შეჩერდნენ, რათა მსვლელობის სხვა მონაწილეებს დალოდებოდნენ, პოლიციის თანამშრომლებმა მათ დამშვიდებისაკენ მოუწოდეს და უთხრეს, ნებართვის გარეშე წინ არ წასულიყვნენ. ამის შემდეგ კი პოლიციასა და მსვლელობის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს მსვლელობის 12 მონაწილე.

12 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 3 ნოემბერს ჩაინიშნა. საქალაქო სასამართლოს ცნობით, წარდგენილი ბრალდების თანახმად, მსვლელობის 12-ვე მონაწილეს ბრალად ედება რასობრივი დისკრიმინაცია (ანუ ქმედება ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანების უფლების პირდაპირი და არაპირდაპირი შეზღუდვა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, სსკ-ის 142-ე მუხლი) და ხულიგნობა (ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, სსკ-ის 239-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი