ახალი ამბები

ივანიშვილის დაჯარიმების საკითხი რამდენიმე საათში გაირკვევა

11 ივნისი, 2012 •
ივანიშვილის დაჯარიმების საკითხი რამდენიმე საათში გაირკვევა

თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათში გადაწყდება, კონტროლის პალატის სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილს დააჯარიმებენ თუ არა 72 მილიონამდე ლარით.

 

კონტროლის პალატამ რამდენიმე დღის წინ ორი სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება ათეულობით მილიონი ლარით. ერთი ოქმი ითვალისწინებს ივანიშვილის დაჯარიმებას შპს ”გლობალ კონსალტინგის” მიერ მოსახლეობისთვის ”გლობალ ტვ”–ის ანტენების სიმბოლურ ფასად დაყენების გამო. კონტროლის პალატა მიიჩნევს, რომ მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების გადაცემა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება და, შესაბამისად, ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა.

 

კონტროლის პალატა ასევე სამართალდარღვევად მიიჩნევს შპს ”ბურჯისა” და შპს ”ელიტა ბურჯის” მიერ პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსათვის” 239 ავტომობილის ერთი წლით მიქირავების ფაქტს. კონტროლის პალატის მოსაზრებით, აღნიშნული კერძო კომპანიები ივანიშვილის საკუთრებაა და მათ პარტიას ფაქტიურად უსასყიდლოდ მიაქირავეს 239 ავტომობილი მაშინ, როცა ამ მომსახურების საბაზრო ღირებულება 2.4 მილიონი ლარი იყო.

 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა– სანდრო ბარამიძემ და შალვა თადუმაძემ კონტროლის პალატის პარტიების ფინანსნური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილეს გიორგი ამირანაშვილს 8 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსთხოვეს, წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ”ელიტა ბურჯი” და ”ბურჯი” ივანიშვილის კომპანიებია.

 

”აქ ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს კომპანიები ბიძინა ივანიშვილისაა,” – განაცხადა ნათია მოგელაძის მოადგილემ გიორგი ამირანაშვილმა. ივანიშვილის ადვოკატებმა მისგან კვლავ მოითხოვეს ამ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, თუმცა ამირანაშვილი პროცესზე დაჟინებით იმეორებდა, რომ მან ამ კითხვას პასუხი უკვე გასცა. ივანიშვილის ადვოკატების თქმით კი, აღნიშნულ კომპანიებს სულ სხვა პირები ფლობენ და არც ერთ იურიდიულ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი არ ფიგურირებს.

 

ივანიშვილის ადვოკატები მოსამართლე ნანა დარასელიასგან საქმის განხილვის გადადებას ითხოვდნენ ადეკვატური დროით, რადგან მათ საქმის მასალები 7 ივნისს, 15:00 საათზე ჩაბარდათ და ასეულობით გვერდის გასაცნობად და არგუმენტების მოსამზადებლად მხოლოდ 23 საათი ჰქონდათ მაშინ, როცა კონტროლის პალატამ რამდენიმე თვე მოანდომა აღნიშნული საქმის შესწავლას. მოსამართლემ არც ერთი მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა მისი აცილების საკითხიც დააყენეს, თუმცა, უშედეგოდ.

 

საქალაქო სასამართლოში დღეს გაირკვევა, დაკმაყოფილდება თუ არა კონტროლის პალატის მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის 72 მილიონით დაჯარიმებასთან დაკავშირებით. აღნიშნული თანხა შეადგენს კონტროლის პალატის მიერ სამართალდარღვევად მიჩნეული თანხის ხუთმაგ ოდენობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი