ახალი ამბები

”ქართული ოცნების” აქტივისტების დაკითხვა გადაიდო

7 ივნისი, 2012
”ქართული ოცნების” აქტივისტების დაკითხვა გადაიდო

”ქართული ოცნების”  ათამდე ქუთაისელი აქტივისტი, რომელიც 7 ივნისს, 22:00 საათზე უნდა დაეკითხათ ქუთაისის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, აღარ დაკითხეს და პოლიციაში 8 ივნისს, 13:00 საათისთვის დაიბარეს.

 

ადვოკატ ლადო მაჭარაშვილის ცნობით, ”ქართული ოცნების” აქტვისტები პოლიციაში მოწმის სახით დასაკითხად გამოიძახეს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული სამი აქტივისტის საქმეზე ჩვენების მისაცემად.

 

პოლიციის განყოფილებაში დღეისათვის დაბარებული იყვნენ ”ქართული ოცნების” ქუთაისის ოფის–მენეჯერი გელა გაბადაძე, ასევე, გელა გოშაძე, მიხეილ ხეცურიანი კოტე ასათიანი, ზაზა ეჩიბეგოვი, კობა ჯაბუა, თამარ ნიკოლეიშვილი და სხვა აქტივისტები.

 
”ქართული ოცნების” ქუთაისის ოფისში ამჟამად იმყოფებიან ”ქართული ოცნების” ლიდერები – მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ელისო ჩაფიძე, სოზარ სუბარი, გუბაზ სანიკიძე და გუგული მაღრაძე.
 
 
”ქართული ოცნების” სხვა აქტივისტები – გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სამართალდამცავებმა დღეს, 7 ივნისს დააკავეს. განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. აღნიშნული აქტივიტები ”ქართულმა ოცნებამ” პარტიის წესდების დარღვევის გამო დღესვე გარიცხა პარტიიდან.
 
”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდრი ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ კოალიციის აქტივისტების დაკავება და სხვა აქტივისტების დაკითხვაზე დაბარება ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ეშინია 10 ივნისს ქუთაისში დაგეგმილი აქციის და ცდილობს ამ გზით შეაშინოს მოსახლეობა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი