ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” პარტიის წევრობიდან ქუთაისში დაკავებული აქტივისტები გარიცხა

7 ივნისი, 2012 •
“ქართულმა ოცნებამ” პარტიის წევრობიდან ქუთაისში დაკავებული აქტივისტები გარიცხა

“ჩვენ პროტესტს გამოვთქვამთ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“  ყოფილი წევრების ქ. ქუთაისში დაკავების ფაქტზე. მივიჩნევთ და ამას ისინი საჯარო განცხადებით თავადაც ადასტურებენ, რომ მათ მიერ ადგილი ჰქონდა პარტიის წესდების მოთხოვნების უხეშ დარღვევას, მაგრამ  არა დანაშაულის ჩადენას. ამის გამო, პარტიის პოლიტიკური საბჭოს 2012 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, ეს პირები გარიცხული იქნენ პარტიის წევრობიდან. მიგვაჩნია, რომ წინასწარი გამოძიების წარმოებისას არ იყო აუცილებლი, ახალგაზრდების მიმართ გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება მაშინ, როდესაც არათუ გაუაზრებელი დაპირებისათვის, არამედ გააზრებული და დამთავრებული მოქმედებისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის, დეპუტატები მხილებულნი არიან ამომრჩევლის მრავალგზის მოსყიდვაში. ხელისუფლების წარმომადგენლების მოქმედებაზე  შესაბამისი ორგანოების მიერ არანაირი  რეაგირება არ მომხდარა.

კოალიცია „ქართული ოცნების“  გარდაუვალი გამარჯვების მოახლოებამ ხელისუფლება აგონიაში ჩააგდო. ნაცვლად იმისა, რომ მან  ქართული საზოგადოებისა და უცხოური თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულება  – სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს, ის უფრო მეტი გააფთრებით განაგრძობს უკანონო მოქმედებას. ზეწოლა და მუქარა  მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. ხელისუფლების მიზანია, დაშინებით მოახდინოს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ხელოვნური ზემოქმედება, რასაც იგი მაინც ვერ მიაღწევს.  

ჩვენ ვემიჯნებით ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ხელოვნური ზემოქმედების ნებისმიერ გამოვლინებას. მოვითხოვთ, ახალგაზრდებზე ყოველგვარი ზეწოლის შეწყვეტის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველს მიეცეს მათი დაუყოვნებლივი   მონახულების შესაძლებლობა. აგრეთვე, მოვითხოვთ ამღკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქი სახით შეცვლას და ობიექტურ გამოძიებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

”ქრთული ოცნების” აქტივისტები – გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სამართალდამცავებმა დღეს, 7 ივნისს დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით,  მედიასაშუალებებით გავრცელებული აუდიო-ვიზუალური ინფორმაციებისა და ოპერატიული ჩანაწერების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიიჩნია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი გრიგოლ ამბროლაძის, მიხეილ მესხისა და მიხეილ ამაშუკელის ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემისათვის (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით).

უწყების განცხადება კი 5 მაისს ”რუსთავი 2-ის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხება.

სიუჟეტში აღწერილია ”ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ ქუთაისში სპეციალური ბლანკების დარიგება, სადაც მოქალაქეებს საკუთარი ოცნების ჩაწერა შეუძლიათ.

”ქართული ოცნების” აქტივისტები ტელეკომპანიასთან საუბარში ამბობენ, რომ მოქალაქეებს ოცნებად საოჯახო ტექნიკის ჩაწერაც შეუძლიათ, რომელიც, შეიძლება, არჩევნებამდეც აუსრულდეთ.

კონტროლის პალატის განცხადებას 6 ივნისს  გამოეხმაურა პარტია ”ქართული ოცნების” ლიდერი მანანა კობახიძე. მან თქვა, რომ ეს უბრალოდ ამომრჩეველთა გამოკითხვა იყო და პოლიტიკურ პარტიას აინტერესებდა, რა პრობლემები აწუხებს მოსახლეობას, ეს აქტივობა კი ინფორმაციის მიღებას ისახავდა მიზნად.

მასალების გადაბეჭდვის წესი