ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, ქუთაისის პარლამენტში ადამიანი დაიღუპა

7 ივნისი, 2012 •
სააკაშვილის თქმით, ქუთაისის პარლამენტში ადამიანი  დაიღუპა

პრეზიდენტმა ტრაგედიის შესახებ განცხადება მასწავლებლის სახლში მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან  შეხვედრისას განაცხადა.

”ერთის მხრივ ისტორიაში არასოდეს ყოფილა ისეთი მასშტაბური მშენებლობა, როგორც ახლაა. ეს ხდება ამდენი წლის არაფრის კეთების, უმუშევრობის ფონზე. ბოლო ერთი კვირა პარლამენტს რომ ვაშენებდით, რამაზ ნიკოლაიშვილს ვურეკავდი არა იმიტომ რომ მეშინოდა, რომ ვერ დაამთავრებდნენ, არამედ იმიტომ, რომ ყოველდღე ვეუბნებოდი, რამაზ შეხედე უსაფრთხოების წესებს. იქ რამაზი დაადგა თავზე და შეხედა. მე ახლა დაველაპარაკე ყველას. რაც ვუყურე, იგივე საავადმყოფოში გუშინ რაც მოხდა, განათება არ იყო, ღობე არ იყო, ელემენტარული წესები არ იყო დაცული და უნდა უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა  მშენებლობის ყველა იმ ხელმძღვანელის მიმართ, ვინც უშუალოდ უბნის ხელმძღვანელია, რათა არ იქმნებოდეს საფრთხე,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

დღეს, დაახლოებით 17 საათზე გავრცელდა ინფრომაცია, რომ ქუთაისში, პარლამენტის ახალი შენობის ნაწილი ჩამოინგრა და ადამიანები დაშავდნენ.

 

”ნეტგაზეთის” ქუთაისელი კორესპონდენტს გვანცა თოთაძეს ინცინდენტის შესახებ ადგილბრივებმა განუცხადეს. ის ინფორმაციის პირადად გადამოწმებას ამ წუთებშიც ცდილობს, თუმცა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული სამართალდამცავები მას პარლამენტთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე იმყოფება ”ნეტგაზეთის” მეორე ჟურნალისტი გივი ავალიანი, რომელსაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, რომ დაინახა თუ როგორ მოყვა ნანგრევებში ერთი მუშა.

 

”ნეტგაზეთის” ჟურნალისტებს პარლამენტის წინ მცხოვრებმა ადამიანებმა განუცხადეს, თუ როგორ დაინახეს პარლამენტის შენობიდან გამოსული სასწრაფო დახმარების 3 მანქანა, რის საფუძველზეც ვარაუდობენ, რომ ინცინდენტის შედეგად არიან დაშავებულებიც.

 

”ნეტგაზეთის” ჟურნალისტები ამჟამად ცდილობენ დაღუპულის ვინაობის გარკვევას, ასევე თუ რამდენი ადამიანი დაშავდა და რომელ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ჯერჯერობით, ჟურნალისტებს არცერთ სამედიცინო ცენტრში არ უდასტურებენ პარლამენტის ეზოში მომხდარი ინცინდენტისას დაშავებულების მიღებას.

 

ქუთაისის პარლამენტის შენობა დაჩქარებული ტემპებით აშენდა და 26 მაისს იქ პირველი საზეიმო სხდომაც გაიმართა. 

 

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ პარლამენტმა დაიდო ახალი ბინა, ხოლო ქუთაისს მიენიჭა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი.

 

”პარლამენტის ახალი  შენობა არის თანამედროვე, გამჭვირვალე და საქართველოს სიმბოლო. სასწაული მოახდინეს მუშებმა და შენობა სწრაფად დაასრულეს. ვინც ჩასფრებულია, მათ გასაგონად ვამბობ, შესაძლოა პარლამენტის ახალ შენობაში წყალი ჩამოვიდეს და ქარმა სახურავი გადახადოს, ეს მოსალოდნელია, რადგან ეს შენობა, ჩვენი ახალი საქართველოს მსგავსად, დაუსრულებელია,”- განაცხადა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა. 

 

საქართველოს პარლამენტის მშენებლობა ქუთაისში 2009 წლის 19 დეკემბერს ”დიდების” მემორიალის ნგრევით დაიწყო. მაშინ, მემორიალის აფეთქებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები დედა-შვილი დაიღუპა. 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, პარლამენტის მშენებლობა 133 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა და მისი მშენებლობა საბოლოოდ, 2012 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი