ახალი ამბები

პარლამენტში 50 წლამდე ზესტაფონელი მამაკაცია დაღუპული

7 ივნისი, 2012 • • 984
პარლამენტში 50 წლამდე ზესტაფონელი მამაკაცია დაღუპული

”ნეტგაზეთის” მეორე ჟურნალისტი გვანცა თოთაძე იმყოფებოდა ქუთაისის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება, თუმცა, იქ ჟურნალისტებს არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან.

 

პარლამენტის შენობის წინ იმყოფებიან პარლამენტის მშენებლობაზე მომუშავე რამდენიმე ადამიანის ოჯახის წევრები, ძირითადად ისინი, ვინც საკუთარ ახლობლებს ტელეფონით ვერ უკავშირდებიან, თუმცა მათთვის რაიმე სახის ინფორმაცია ჯერჯერობით არავის მიუწოდებია.

 

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 18:10 საათზე, პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ ქუთაისის პარლამენტში ნგრევის შედეგად ერთი მუშა დაიღუპა. სხვადასხვა წყაროებით, პარლამენტის ახალი შენობის უკან მშენებარე დამხმარე ნაგებობაში ხარაჩო ჩამოიშალა, მეორე ვერსიით კი, პარლამენტის ერთ-ერთი ფლიგელი ჩამოინგრა. 

 

ჯერჯერობით, ვერ ხერხდება გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება დაშავებულების შესახებ. შსს-ში ნეტგაზეთს
 განუცხადეს, რომ პარლამენტში ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა და მხოლოდ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, დაშავებულია 20-მდე ადამიანი. ”ნეტგაზეთის” ჟურნალისტებმა მათი მოძებნა ქუთაისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებში სცადეს, თუმცა მათი არსებობა არსად არ
დაადასტურეს. 

 

პარლამენტის შენობიდან გამოსულმა მუშებმა, რომლებიც ნგრევას შეესწრნენ, ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისინი პოლიციამ გააფრთხილა, მომხდარის შესახებ არსად არაფერი არ ეთქვათ. 

 

”ნეტგაზეთის” ჟურნალისტები დამატებითი ინფრომაციის მოძიებას ამ წუთებშიც აცდილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი