ნეტგაზეთი | საპატრიარქო: პაპი მესას კათოლიკეებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმად საპატრიარქო: პაპი მესას კათოლიკეებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმად – Netgazeti
Batumelebi | RU

საპატრიარქო: პაპი მესას კათოლიკეებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმად

რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ა.წ. 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I თანმხლებ პირებთან ერთად. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას.

ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ  ვიზიტთან დაკავშირებთ  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები და მათაც და საერთოდ ყველას  მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ.

შევნიშნავთ იმასაც, რომ  ჩვენს და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის შუა საუკუნეებიდან შეწყვეტილია ლოცვით-ევქარისტიული კავშირი; და ვიდრე არსებობს დოგმატური სხვაობები, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეები არ იღებენ მონაწილეობას მათ მსახურებაში.

ბუნებრივია, პაპი მესას კათოლიკეებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას  ზოგიერთები მიიჩნევენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

21 სექტემბერს თბილისში, ვატიკანის საელჩოს წინ მორწმუნეთა ჯგუფმა რომის პაპის საქართველოში სტუმრობის წინააღმდეგ “ლოცვითი დგომის აქცია” მოაწყვეს.

აქციის მონაწილე ავთანდილ უნგიაძე აცხადებს, რომ რომის პაპის ვიზიტი საქართველოს მართლმადიდებლებისთვის საფრთხეს შეიცავს. მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რომის პაპი ანათემას არის გადაცემული. მისი თქმით, იგი ასევე უფრთხილდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციას, რადგან დაგეგმილია პაპის ვიზიტი სვეტიცხოვლის ეკლესიაში.

ავთანდილ უნგიაძე საშიშროებად მიიჩნევს წირვის ჩატარებასაც იმ მიზეზით, რომ ის პროზელიტიზმის ნიშნებს შეიცავს, რადგან შესაძლოა იქ მართლმადიდებლებიც მივიდნენ.

კითხვას, ამ აქციის ადრესატი საპატრიარქოც თუ არის, ავთანდილ უნგიაძემ უპასუხა, რომ ამ აქციის ადრესატია ყველა, მთელი საზოგადეობა.

აქციაზე, სადაც სასულიერო პირები ლოცვას აღავლენდნენ, მიტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები სიძულვილის ენის შემცველი წარწერებით: “ვატიკანი სულიერი აგრესორია”, “Pope Arch-heretic you are not welcome in Georgia”, “შორს საქართველოდან ანტიქრისტე”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com