საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი საკაბელო კომპანიებისთვის ყველა ქრთული ტელეარხის ტრანსლირების დავალდბულებას კვლავ ეწინააღმდეგება და პოზიციას არ იცვლის. მორიგი განცხადება კუბლაშვილმა ამ საკითხზე დღეს, 7 ივნისს, პარლამენტში გააკეთა.
პავლე კუბლაშვილს მიაჩნია, რომ ამ ვალდებულების დაკისრება კერძო კომპანიებითვის მართებული არ არის.
”საკაბელო ბიზნესში უნდა იყოს კონკურენტული გარემო და რაც უფრო მეტ ვალდებულებას დავაკისრებთ მათ, ეს უფრო მძიმე იქნება მათი სამომავლო საქმიანობისთვის. შესაბამისად, დავალდებულება, საკაბელო კომპანიამ ყველა ქართული ტელეარხი გაუშვას ეთერში, არასწორია. ამ ფორმით ”მასთ ქერის” პრინციპი ამერიკაშიც არ არის. ყველას აქვს უფლება, აირჩიოს ინფორმაციის ის წყარო, რომელიც მას მიაჩნია საჭიროდ,” – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
მედიაორგანიზაციებმა საპარლამენტო უმრავლესობას რამდენიმე კვირის წინ შესთავაზეს, რომ საკაბელო პროვაიდერებს დაევალოთ ტელეარხების “სავალდებულო ტრანზიტი”.
კერძოდ, “ეს შენ გეხება”-ში მონაწილე მედიაორგანიზაციები ითხოვენ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს დაემატოს მუხლი და “სავალდებულო ტრანზიტის” ცნება დამკვიდრდეს. ამ ახალი ნორმის თანახმად, საკაბელო პროვაიდერები ვალდებული იქნებიან, საკუთარ პაკეტში ჩართონ საზოგადოებრივი მაუწყებელი, სათემო, ან/და საერთო სატელევიზიო ლიცენზიის მქონე პირი, რომელიც მაუწყებლობას ავრცელებს სიხშირით, ან სატელიტით, თუ ეს მაუწყებლის ინტერესში შედის.
