დღეს, 6 ივნისს, ქუთაისში გამართული შეხვედრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ხელოვნების დარგში მოღვაწე 7 პირს, მათ შორის, პიანისტ ხატია ბუნიათიშვილსა და მუსიკოს ნიკოლოზ რაჭველს გადასცა.
„დღეს იმ ალღუმის კვალდაკვალ, რომელიც აქ ჩავატარეთ და 26 მაისის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის შემდეგ, პირველად ვატარებთ სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების გადაცემის ცერემონიალს აქ, ამ ახალ გარემოში, ამ ახალ ვითარებაში, საქართველოს მომავლის ამ ბრწყინვალე ჩანასახში და გამოხატულებაში. რუსთაველის პრემია და ეროვნული პრემია ყოველთვის ძალიან პრესტიჟულია. ყოველთვის გვინდა უფრო ბევრს მივანიჭოთ, ვიდრე ეს შესაძლებელია, ამიტომ, თუ ვინმემ წელს ვერ მიიღო, მე ვფიქრობ, იმედი არ უნდა გაუცრუვდეს, მომავალ წლებში ყველა ღისშესანიშნავი და ღირსეული ადამიანი ამ პრემიას აუცილებლად მიიღებს,“- აღნიშნა შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
„ძალიან უხერხულობის შეგრძნება მაქვს, რადგან მიმაჩნია, რომ ამ პრემიის მოასაპოვებლად ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი.ეს პრემია ჩემთვის განსაკუთრებულია,“ – აღნიშნა ”ნეტგაზეთთან” საუბარში ნიკოლოზ რაჭველმა.
საქართველოს ეროვნული პრემია ცალკეულ ავტორებსა და ავტორთა ჯგუფებს გადაეცათ. პრემიები ასევე მიენიჭათ მედიცინის დარგში მოღვაწე ექიმებსა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორებს, მათ შორისაა ექიმი თერაპევტი ნინო ბუცხრიკიძე. დღეს, ჯამში, 10 პრემია გაიცა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და, ჩემი აზრით, ძალიან წაადგება ზოგადად მედიცინის განვითარებას საქართველოში. ეს ქვეყნისთვის ახალი დარგია და ამ ეტაპზე საკმაოდ მნიშვნელოვანი და მოთხოვნადია. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და, რა თქმა უნდა, პრემიის მიღების სურვილი გვქონდა“- განაცხადა ექიმმა ნინო ბუცხრიკიძემ. მან პრემია მიიღო სამეცნიერო ნაშრომისთვის ”გადაუდებელი მედიცინა”.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ერთჯერადი საპრემიო თანხა 15 000 ლარია, ეროვნული პრემია კი – 10 000 ლარი.
საქართველოს პრეზიდენტი პრემიებს ყოველწლიურად გასცემს სპეციალური კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.