აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 5 მაისს ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აფხაზ და ოს ხალხს საშუალება ექნება, ამერიკაში ისწავლონ, ან იმოგზაურონ სპეციალური ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტების საშუალებით.
“მალე აშშ–ის საელჩოები და საკონსულოები მსოფლიოში მიიღებენ ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტებს, ნებისმიერი ამ რეგიონში (აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის) მცხოვრები რეზიდენტისთვის, რომელთაცც სურვილი ექნებათ, რომ ის გამოიყენონ აშშ–ში სასწავლებლად ან სამოგზაუროდ”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და აქვე აღნიშნა, რომ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი შერიგებისკენ.
საქართველოს მთავრობა 2010 წლიდან უკვე გასცემს ნეიტრალური სტატუტის დოკუმენტებს კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
როგორც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრის აპარატი განმარტავს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომელთაც მიღებული არ აქვთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი შოთა მალაშხია დადებითად აფასებს კლინტონის აღნიშნულ განცხადებას და მიიჩნევს, რომ ამ პასპორტის სამართლებრივ სტატუსს აშშ–ის შემდეგ ევროკავშირიც აღიარებს.
“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები არ იყვნენ იზოლაციაში, ამიტომ ამ პასპორტს ახლა უკვე მიეცა სამართლებრივი სტატუსი აშშ–დან. მანამდე ჰქონდა ევროპის რამდენიმე სახელმწიფოდან, მათ შორის ბალტიისპირეთიდან, ჩეხეთიდან და კიდევ რამდენიმე სხელმწიფოდან. ახლა ამას დაემატა აშშ–ც. ალბათ, უკვე მთლიანად ევროკავშირიც დათანხმდება ამ ინიციატივას. ჩვენ გვინდა, რომ კონფლიქტურ ზონებში მცხოვრებლებმა ნახონ, რომ გარდა რუსეთისა, არსებობს დასავლეთი”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” მალაშხია.
კონფლიქტოლოგი, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი პაატა ზაქარეიშვილიც მიესალმება აშშ–ის გადაწყვეტილებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ამას თვალშისაცემი შედეგი არ მოჰყვება.
“2010 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ანუ როდესაც საქართველოს მთავრობამ მიიღო ეს პასპორტები, არცთუ ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამ ინიციატივით. დაახლოებით 30–40–მა ადამიანმა ისარგებლა ამ პასპორტით. ახლა ამით არც არაფერი შეიცვლება. თუ ვინმე მზად არის, აიღოს ამ ტიპის პასპორტი, ისინი თამამად იღებენ საქართველოს პასპორტს იმიტომ, რომ ქართული პასპორტი უფრო დაცულია და უფრო მრავალფუნქციურია, ვიდრე ნეიტრალური პასპორტი. თუ პიროვნებას სურს აიღოს ნეიტრალური პასპორტი, ის მაშინ ქართულ პასპორტს აიღებს პირდაპირ. ვინც უარს ამბობს ქართულ პასპორტზე, ისინი ამ პასპორტსაც არ აიღებენ”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” ზაქარეიშვილი.
თუმცა განსხვავებულად ფიქრობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია და აღნიშნავს, რომ ამ განცხადებებს უფრო მეტი შედეგი მოჰყვება და კონფლიქტურ რეგიონებში უფრო მეტ ადამიანს ექნება ამ დოკუმენტით სარგებლობის სურვილი.
“ამიტომ, როდესაც ეს ტენდენცია გამოჩნდება და ადამიანები აიღებენ ნეიტრალურ პასპორტს, იმ ქვეყნებში გადაადგილდებიან, სადაც ეს შესაძლებელია და ნახავენ, თუ რას ნიშნავს სარგებლობა ამ პრივილეგიებით, ცხადია, ეს ადამიანები ქართულ პასპორტსაც აიღებენ და სხვასაც მოუწოდებენ ამისკენ. ეს არის პრაქტიკულად ზრუნვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა არ განიცადონ მენტალური სხვაობა ოკუპირებულსა და არაოკუპირებულს შორის და მიიღონ ის განათლება, ჯანდაცვა, რაც ჩვენთვის არის ხელმისაწვდომი”, – მიიჩნევს მალაშხია.
სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტებით გადაადგილება კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები რეზიდენტებისთვის შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნებში, საიდანაც საქართველო ამ თანხმობას მიიღებს. ამ ქვეყნების რიცხვში შედიან: ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, იაპონია და ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატებიც.