”22 ევროდ ტაქსი არ ჩამოგიყვანს ხაშურიდან ქუთაისში და ახლა ბოინგი ჩაგიყვანს ევროპაში. აი, ეს არის ამ აეროპორტის მთავარი დანიშნულება,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც პრეზიდენტმა საქართველოში იაფი ავიაკომპანია Wizz Air-ის შემოსვლა დაანონსა.
”იმათ გასაგონად, ვინც ამბობს, დიდი ამბავი ახალი პარლამენტი, რა იცვლება ხალხისთვის, დიდი ამბავი აეროპორტი, მერე ვინ იფრენს ამ აეროპორტით? ვინ იფრენს და ქართველი ხალხი, ვისაც დღეს ყვლიფავენ ავიაკომპანიები თბილისის აეროპორტში, ასევე, უსამართლოდ მაღალი ტარიფებია ბათუმის აეროპორტში და თუ ვინმეს ეგონა აქამდე, რომ ფრენა შესაძლებელი იქნებოდა 37 მანეთად მარტო იმ პირობებში, თუ შევუერთდებოდით რომელიმე იმპერიას უკან, ეს შესაძლებელი არ იქნება, მაგრამ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ქვეყნიდან ევროპაში ფრენა 37 ევროდ და არა 220 და 240 ევროდ, როგორც არის თბილისიდან. ხალხის ხარჯზე გასუქდნენ და გაქსუვდნენ წუთიერ შემოსავალს დახარბებული სხვადასხვა ავიაკომპანიები და ბიზნესები. აქ შემოდის ავიაკომპანია, რომელიც თავდაპირველად მგზავრებს გადაიყვანს 22 ევროდ ქუთაისიდან კიევში, კიევიდან ლონდონამდე კი დაამატებს დაახლოებით 15-20 ევროს,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Wizz Air-ის ვებგევრდზე უკვე შესაძლებელია რეისი ქუთაისი-კიევი-ქუთაისის ბილეთების ფასების გაგება და დაჯავშნა.
ავიაკომპანია პირველ რეისს ქუთაისი-კიევის მიმართულებით 27 სექტემბერს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აერთაშორისო აეროპორტიდან დილით, 10:30 საათზე შეასრულებს, ბილეთი 33.93 ევრო ეღირება. იმავე დღეს რეისი შესრულდება კიევი-ქუთაისის მიმართულებითაც, ბილეთის ფასი კი 91.45 ევრო იქნება.
შემდეგი რეისიდან ბილეთის ფასი ქუთაისი-კიევის მიმართულებით იზრდება და უკვე 30 სექტემბერს ბილეთის ღირებულება 54.83 ევროა, კიევი-ქუთაისის ბილეთი კი – 56.62 ევრო.
4 ოქტომბერს Wizz Air-თ ქუთაისიდან კიევში გადაფრენა 65.78 ღირს, კიევიდან ქუთაისში კი – 78.71 ევრო.
11 ოქტომბერს ქუთაისი-კიევის რეისზე ბილეთის ფასი კვლავ იზრდება და 78.71 ევროს აღწევს. თუმცა სხვა დღეებში ფასი 50 ევრომდე იკლებს, ან ისევ 78 ევრომდე იზრდება.
გარდა ამისა, თუ კიევიდან ლონდონში მოგინდებათ გადაფრენა, პრეზიდენტის მიერ დაპირებული 15-20 ევროს ნაცვლად, 100 ევროს გადახდა მოგიწევთ. Wizz Air-ის კიევი-ლონდონის რეისზე ბილეთი სწორედ 100 ევროს ფარგლებში მერყეობს.
მიუხედავად იმისა, რომ Wizz Air-ის ბილეთის ღირებულება ქუთაისიდან კიევამდე დროთა განმავლობაში 40-დან 78 ევრომდე მერყეობს, ეს ფასი გაცილებით ნაკლებია სხვა ავიაკომპანიების ფასებთან შედარებით. მაგალითად, დღესდღეობით ნებისმიერი ავიაკომპანიით თბილისიდან კიევში გაფრენა ერთი გზა მინიმუმ 192 ევრო ღირს.
კომპანია Wizz Air 2003 წელს უნგრეთში დააფუძნა ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Indigo Partners-მა. Wizz Air ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე იაფი ავიაკომპანიაა და ყოველწლიურად მილიონობით მგზავრი გადაჰყავს, მიუხედავად პოპულარობისა, ინტერნეტ სივრცეში ადვილად შეიძლება ავიაკომპანიაზე განაწყენებული მგზავრების შეფასებების ნახვა.
მგზავრთა ძირითადი პრეტენზიები შეეხება ავიაკომპანიის რეისების გადადებას 15-17 საათით, რა დროსაც, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, Wizz Air საკუთარ მგზავრებს არ ამარაგებს საკვებით და ასევე, არ გასცემს კომპენსაციას, მათივე თქმით, რეისების გადადების მიზეზი კი საჰაერო ხომალდების ტექნიკური გაუმართაობა ხდება.
2009 წელს ინტერნეტში გავრცელდა სტატია, რომლის მიხედვითაც, ლონდონი-კიევის რეისი გადაიდო, ავიაკომპანიამ კი უკმაყოფილო მგზავრები თვითმფრინავიდან პოლიციის ძაღლებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გამოყარა. სტატიის გავრცელებიდან მალევე Wizz Air-მა გაავრცელა განცხადება, ფაქტი უარყო და ის PR თავდასხმად შეაფასა. აღნიშნული ინციდნეტი ასევე უარყვეს სამართალდამცავებმა.