თავდაცვითი თანამშრომლობის გაძლიერება და რეფორმირება . . . აფხაზ და ოს ხალხს საშუალება ექნება, ამერიკაში ისწავლონ, ან იმოგზაურონ სპეციალური ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტების საშუალებით . . . ყველაზე მნიშვნელოვანი შემოდგომაზე საქართველოს არჩევნებია და არა რუსეთის სამხედრო წვრთნები საქართველოსთან ახლოს, – ეს ის გზავნილებია, რასაც დღეს, 5 ივნისს, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა.
მისი განცხადებით, საქართველოსთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობა აშშ–ის ერთ–ერთი პრიორიტეტთაგანია.
“დღეს დავესწარით სანაპირო დაცვის კატარღის გაშვებას. ეს კატარღა ჩვენ გავარემონტეთ, გვინდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ თავი დაიცვას ტერორიზმის საფრთხისგან, ნარკოტიკებისა და ადამიანის ტრეფიკინგისგან. . . აშშ ტრეინინგებს უტარებს ქართულ თავდაცვის ძალებს, რათა უკეთესად გავუწიოთ მონიტორინგი მათ საჰაერო სივრცესა და სანაპირო ზოლს. ჩვენ მოდერნიზებას გავუკეთებთ ვერტმფრენის ფლოტს, რომ მან უფრო ადვილად მოახდინოს ტრანსპორტირება ქვეყნის მასშტაბით”, – აღნიშნა ბრიფინგზე ჰილარი კლინტონმა და აქვე დასძინა, რომ ამის შემდეგ საქართველო იქნება უფრო ძლიერი პარტნიორი გაუმჯობესებული თავდაცვის შესაძლებლობებით.
მეორე საკითხი, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებსა და ამ მიმართულებით კონკრეტული ინიციატივას ეხებოდა.
“აშშ მხარს უჭერს საქართველოს სერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს ჩევნ განვიხილეთ, როგორ შეუძლია საქართველოს ხელი გაუწოდოს აფხაზებსა და ოსეთის რეგიონში მცხოვრებ ხალხს. ამ გზებში შედის ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტებით უზრუნველყოფა. მალე აშშ–ის საელჩოები და საკონსულოები მსოფლიოში მიიღებენ ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტებს ნებისმიერი ამ რეგიონში მცხოვრები რეზიდენტისთვის, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ ის გამოიყენონ აშშ–ში სასწავლებლად ან სამოგზაუროდ”, – განაცხადა კლინტონმა და აქვე აღნიშნა, რომ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი შერიგებისკენ.
კლინტონმა გამოსვლაში კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ–ის პოზიცია მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქართველ ხალხზეა დამოკიდებული ყველაფერი.
“მე მჯერა, რომ ეს იქნება დიდი ინდიკატორი იმ პროგრესისა, რაც საქართველომ განიცადა დემოკრატიულ გზაზე. პრემიერ–მინისტრთან ჩვენ გამოვხატეთ სურვილი, რომ ეს იქნება სამოდელო არჩევნები და ჩემი აზრით, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება საქართელომ გააკეთოს უსაფრთხოების, დემოკრატიულობის, საერთაშორისო რეპუტაციის გაზრდისთვის. კი, რა თქმა უნდა, იქნება სამხედრო მანევრი (რუსეთის დაგეგმილი წვრთნები), მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა შემოდგომაზე მოხდება თვითონ საქართველოში, არჩევნების სახით. ეს უფრო ხმამაღლა იმეტყველებს იმაზე, რა ხდება საქართველოში, ვიდრე სამხედრო წვრთნები. სამოქალაქო აქტივობა, ღია დებატები, თანაბარი სამუშაო გარემო, ინფორმაციის მისაწვდომობა– ეს არის მთავარი პირობა არჩევნებისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ საქართველო თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს შემოდგომაზე და შემდეგ დემოკრატიულად მოხდება ძალაუფლების გადაცემა 2013 წელს”, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ძალაუფლების დემოკრატიულ გადაცემაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა,– “ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემა, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი. სხვათა შორის, ეს ყველაფერი საქართველოში უკვე ხდება. განსაკუთრებით თქვენთვის იქნება დასანახი, თუკი თვალყურს ადევნებთ ამ პროცესებს. ჩვენ გვყავს პირდაპირ არჩეული მერი და საკრებულოს წევრებიც. ჩვენ მივდივარ ამ პროცესის დეცენტრალიზაციისაკენ. რეგიონებში გადაგვაქვს სხვადსხავა უწყებები. საქართველოში გამტკიცებულია სხვადასხვა ინსტიტუტები. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ინსტიტუტებზე და არა ინდივიდებზე, კონკრეტულ პიროვნებებზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ, თუ რას გააკეთებენ თავად ინსტიტუტები. ხალხის არჩევანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.