ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის ბირთვული გეგმები

5 ივნისი, 2012 •
საქართველოს მთავრობის ბირთვული გეგმები

ბირთვული უსაფრთხოება
ბირთვული უსაფრთხოება

რას შეიძლება უკავშირდებოდეს ქვეყანაში ბირთვული უსაფრთხოების შესახებ კანონის შეცვლა? – ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი არ აქვთ სპეციალისტებს, რომლებიც შესაბამის სფეროებში მუშაობენ, ისინი მხოლოდ ვარაუდებით შემოიფარგლებიან და შიშობენ.
„ისეთი სეისმური რელიეფის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ქართველი ხალხისთვის გენოციდის მოწყობის ტოლფასი იქნება“, – ამბობს „მწვანეთა პარტიის“  ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე. მისი თქმით, დიდია ალბათობა, რომ ამ კანონპროექტმა საქართველო რადიაციული ნივთიერების გაცვლა-გამოცვლის ტრასად აქციოს.

„შავ ბაზარზე ერთი გრამი ცეზიუმ-137 3000 დოლარად იყიდება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ამასთანაცაა  დაკავშირებული. ამ ნივთიერებისგან მზადდება ე.წ. ჭუჭყიანი ბომბები. მსგავსი რადიაციული მასალებია ბირთვულ იარაღშიც და მათზე უდიდესი მოთხოვნაა ტერორისტულ ჯგუფებსა და ისეთ სახელმწიფოებშიც, რომლებიც საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგებიან და ქმნიან თავიანთ ბირთვულ არსენალს“.

ენერგეტიკის სამინისტროს ბირთვული უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი ჯუმბერ მამასახლისი კი „ბათუმელებთან“ გადაწყვეტილებას ქართული ბირთვული კანონმდებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის სურვილით ხსნის. „…საქმე იმაშია, რომ არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობაში არ არის ის, რაც ჩვენ ძველ კანონში გვქონდა. იქ ეწერა, რომ საქართველოში ხუთი მეგავატი სიმძლავრის ზემოთ სადგურის მშენებლობა აკრძალულია. ეს თავისთავად აბსურდია. გამოდის, რომ 4,5 მეგავატი სიმძლავრის სადგურის მშენებლობა შესაძლებელი იყო? – ამიტომ ეს მუხლი საერთოდ ამოვიღეთ. ჩვენ კანონი მოვიყვანეთ შესაბამისობაში იმასთან, რასთანაც უნდა იყოს, რადგან ჩვენ მიერთებული ვართ ევროკავშირთან და მივდივართ ნატოსკენ. სხვა გამოსავალი არ არის, როცა ისინი გვეკითხებიან, თუ რატომ გვაქვს ეს შეზღუდვა“, – ამბობს ჯუმბერ მამასახლისი.

უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის განმარტებით, ნივთიერებები, რომელთა ექსპორტ-იმპორტისა და რეექსპორტის დასაშვებობასთან დაკავშირებითაც გარემოსდამცველები შფოთავენ, საქართველოში ყოველთვის შემოდიოდა ლეგალური გზით და ახლაც შემოვა: „არსებობს როგორც რადიოაქტიური, ისე არარადიოაქტიური ცეზიუმი. რკინაც შეიძლება იყოს რადიოაქტიური, ტყვიაც და ასე შემდეგ. ისინი გამოიყენება მოწყობილობებში, მაგალითად, ასფალტის სიმკვრივისა და სისქის გასაზომად საჭიროა სპეციალური მოწყობილობა, რომელშიც აქტიური ნაწილი რადიოაქტიური წყაროებია. ძალიან ბევრი რადიოაქტიური ნივთიერება გამოიყენება, მაგალითად, ონკოლოგიაში. თუ ვინმე ამ ნივთიერებას საქართველოში რაიმე სახის იარაღის მოსამზადებლად შემოიტანს ან გაიტანს, ეს კრიმინალია, რაც საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად ისჯება. ამონიუმის გვარჯილითაც შეიძლება ასაფეთქებელი ნივთიერება მოამზადოს ადამიანმა, რომელსაც შეეძლება ჰაერში აწიოს ნახევარი ქალაქი. რეექსპორტის შემთხვევაში კი, ჩვენ გვეცოდინება წყაროები: საიდან მოიტანეს და სად წაიღეს რადიოაქტიური ნივთიერება“.

საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების 1998 წლიდან მოქმედი კანონით, რომელიც პარლამენტმა ახალი კანონის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე ძალადაკარგულად გამოაცხადა, საქართველო ბირთვული პროცესებისგან ნეიტრალურ სახელმწიფოდ იყო გამოცხადებული.
ბირთვული საკითხებით საქართველოს მთავრობის ინტერესი თავდაპირველად 2007 წელს გამოიკვეთა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პარიზში პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრის შემდეგ კი პრეზიდენტმა სარკოზიმ თქვა, რომ საფრანგეთი მზად არის, განიხილოს პროექტის ეკონომიკური და ეკოლოგიური რაციონალურობა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 2007 წლის 14 ივნისს სააკაშვილი საფრანგეთის წამყვანი ენერგეტიკული კომპანიის AREVA-ს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. გია გაჩეჩილაძის თქმით, ამ შეხვედრის შესახებ მათ ინფორმაცია ფრანგმა კოლეგებმაც მიაწოდეს.
2007 წლის აგვისტოში საქართველოში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის პერსპექტივის შემსწავლელი კომისია შეიქმნა, რომელსაც იმდროინდელი ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური ჩაუდგა სათავეში. მედიასთან მან თქვა, რომ კომისია იფუნქციონირებდა მანამდე, ვიდრე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ყველა დადებით და უარყოფით ფაქტორს არ გამოიკვლევდნენ. კომისიას ევალებოდა მოსახლეობის გამოკითხვაც.

კომისიის მიერ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობის შესწავლას ხელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა შეუშალა და ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხიც დროებით დავიწყებას მიეცა. 2012 წლის გაზაფხულზე კი, ქართული პრესის ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა სამხრეთკორეული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 30 წლის შემდეგ საქართველო ბირთვული ქვეყანა გახდება.

„გამოკითხვები“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით  „ბათუმელებთან“ საუბრისას  ჯუმბერ მამასახლისმაც ახსენა: „იმისათვის, რომ ქვეყანაში ატომური ენერგეტიკა განვითარდეს, ქვეყნის პოზიციაა მთავარი, რაც შეიძლება  გამოკითხვებში ან პრაიმერში გამოიხატოს. თუ ქვეყანა გამოთქვამს თავის პოზიციას, შემდეგ მეზობელი ქვეყნები უნდა დათანხმდნენ. ქვეყნის მიერ პოზიციის გამოხატვიდან კი 12 წელი მაინცაა საჭირო, რომ პირველი ენერგობლოკი დაიქოქოს. თუ 50 ან 100 წლის შემდეგ ქვეყანა ამოწურავს თავის ენერგეტიკულ რესურსს და დაგვჭირდება უფრო მეტი ალტერნატივა, წყაროების საკითხიც მაშინ დადგება“.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, რადგან ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს, იქნება თუ არა ატომური ელექტროენერგიის განმავითარებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებამ  საზოგადოებას მაინც დიდი საფიქრალი გაუჩინა: `მსოფლიოს ატომური ქვეყნები, გარდა რუსეთისა, აღარ ეწევიან ატომური ენერგიის განვითარების პროპაგანდას. ასეთ ვითარებაში გაუგებარია, რა უნდა საქართველოს, ქვეყანას, რომელსაც არ გააჩნია არც შესაბამისი ადამიანური კადრები და არც უსაფრთხოების სისტემა. საგულისხმოა ისიც, რომ ეს კანონი დაჩქარებული წესით მიიღეს, არ ყოფილა საჯარო განხილვა და კანონის განმარტებით ბარათში ბევრ კითხვაზე პასუხი არ ჩანს.“

გია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, საფრანგეთში ფარულ შეხვედრაზე, ფრანგი კოლეგების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოსა და ფრანგულ კომპანიას შორის რეგიონული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე იყო საუბარი. იგი არ გამორიცხავს, რომ ფრანგულმა კომპანიამ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებისათვის ქვეყანას ფარულად დიდი ფულიც გადაუხადოს, „რადგან ეს კომპანია დაინტერესებულია, იშოვოს დაკვეთა. ერთი ელექტროსადგურის მშენებლობა 3 მილიარდამდე დოლარი ჯდება, წარმოიდგინეთ, ამის ხუთი პროცენტი რამხელა ფული იქნება“,  – უთხრა გია გაჩეჩილაძემ „ბათუმელებს“.  

ახალი კანონმდებლობით ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო არეგულირებს. ეს სამინისტროა პასუხისმგებელი ბირთვულ პროცესებთან დაკავშირებით ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის საინფორმაციო ბანკის შექმნაზეც.

გია გაჩეჩილაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ბირთვული პროექტის განხორციელებას თურქული მხარე არ დაუშვებს: „ჩვენ გარშემო, განსაკუთრებით რუსეთში, უამრავი რადიაციული ნივთიერება და ნარჩენია. ქალაქ გროზნოსთან კი არის დახურული სპეცობიექტი „რადონი“ – რადიაციული ნივთიერებების სამარხი. ყოფილ საბჭოთა კავშირში ის ერთ-ერთ დიდ სამარხად ითვლებოდა. იქ ინახება 1000 კუბური მეტრი რადიაციული ნივთიერება. აფხაზეთში არის ფიზიოტექნიკური ინსტიტუტი, ეს იყო ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში, იქ ახლაც ინახება რადიოაქტიური ნივთიერებები“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი