ახალი ამბები

კომისია: პუშკინის ქუჩის ორმხრივ მოძრაობაზე რეკლამა პოლიტიკურ ნიშნებს არ შეიცავს

26 სექტემბერი, 2016 • 1521
კომისია: პუშკინის ქუჩის ორმხრივ მოძრაობაზე რეკლამა პოლიტიკურ ნიშნებს არ შეიცავს

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი “მაესტროს“, „იმედის, „ჯიდიესისა” და “რუსთავი 2“-ის ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლი პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის შესახებ კანონის დარღვევად არ მიიჩნია.

კომისიამ საკითხის მოკვლევის შემდეგ დაადგინა, რომ აღნიშნული ვიდეორგოლი ტელეკომაპნიების- შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ტელეიმედის“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ბადეში, თბილისის მერიის დაკვეთით, სარეკლამო კომპანიების საშუალებით ფასიანი რეკლამის სტატუსით იყო განთავსებული.

კომისიის განცხადებით, ვიდეორგოლში მოსახლეობას თბილისში ა.პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის თაობაზე მიეწოდება ინფორმაცია. ვიდეორგოლში ნაჩვენები არ არის არც საარჩევნო სუბიექტი და არც საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, შესაბამისად, არ განხორციელებულა არც ერთი საარჩევნო სუბიექტის იდენტიფიცირება, ისევე, როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის სიმბოლიკის წარმოჩენა.

“ზემოაღნიშნული ვიდეორგოლით გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, აქედან გამომდინარე, შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს”, – წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

“ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავდა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ინფრასტრუქტურული პროექტების საარჩევნო კამპანიას წარმოადგენს. 

პოლიტიკურმა გაერთიანებამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისგან ზემოთ აღნიშნული სარეკლამო რგოლის შესწავლა და მისი სტატუსის განსაზღვრა მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი