აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში, სასტუმრო “რედისონში”, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოთხ ძირითად პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება.
“ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნის ლიდერებს, რათა კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო კამპანიები იყოს. არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების დღესაც და მის წინა პერიოდშიც”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მან დადებით ნაბიჯად შეაფასა უშიშროების საბჭოსთან უწყებათაშორისი კომისიის შექმნა და აღნიშნა: “ეს კარგი საფეხურია იმისათვის, რომ მოხდეს არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა”.
კლინტონმა პოლიტიკაში ქალთა აქტიური ჩართულობის საკითხზეც ისაუბრა.
“ასევე მივესალმები პარლამენტს იმისათვის, რომ შექმნას სტიმული, რათა მოხდეს უფრო მეტი ქალის ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში. მთლიანობაში უფრო ძლიერი იქნება, როდესაც ქალებს ექნებათ მეტი უფლებები, მეტი როლი საქართველოს მომავალის ჩამოყალიბებაში”, – მიიჩნევს ჰილარი კლინტონი.
“მიუხედავად იმისა, რომ “ვარდების რევოლუციით” შექმენით დემოკრატია, უფრო რთული სამუშაოს გაწევა მოგიწევთ მომავალში. თქვენ უნდა ჩვეულებები და პრაქტიკა ჩამოაყალიბოთ, რომლითაც დემოკრატიას დროთა განმავლობაში შეინარჩუნებთ. ის, რომ არა მარტო წარმატებული არჩევნები იყოს, არამედ არჩევნების მერეც გააძლიეროთ დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძვლები, როგორიც არის შრომითი უფლებები, სასამართლო დამოუკიდებლობა, მასმედიის დამოუკიდებლობა და მასზე ხელმისაწვდომობა”, – განაცხადა კლინტონმა.
მან ასევე ისაუბრა ქვეყნებს შორის მძლავრი ეკონომიკური ურთიერთობებისა და კავშირების დამყარების აუცილებლობაზე.
“ამ რეფორმებს ექნებათ გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, რადგანაც ეს რეფორმები ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასაც. ქვეყნის ეკონომიკურმა რეფორმებმა საერთაშორისო მოწონება დაიმსახურა გლობალური ბიზნესის თვალსაზრისით. საქართველო აგრძელებს ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის გაძლიერებას. ეს აისახება უფრო დიდ ინტერესსა და ინვესტიციებში. აშშ ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორია ამ რთულ პერიოდში. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების შემდეგ დონეზე გადავიტანოთ და გავაძლიეროთ, გავზარდოთ საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები.
კლინტონი ასევე შეეხო გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც და ამ მხრივ საქართველოს წვლილზეც ისაუბრა.
“საქართველო–აშშ–ს გააჩნიათ უკვე ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. იანვარში პრეზიდენტების შეხვედრის დროს მათ ვალდებულება აიღეს, რომ ეს ურთიერთობა უფრო გაეღრმავებინათ ამ სფეროში. საჭიროა მოდერნიზაცია, ტრეინინგი, აღჭურვილობა საქართველოს ჯარისთვის, რადგან მათ ეფექტურად მიიღონ ISAF–ის ოპერაციებში მონაწილეობა ავღანეთში და გააუმჯობესონ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა. დღეს ნაშუადღევს მე გამოვაცხადებ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამ მიზნისა და მიმართულების მისაღწევად. საქართველო ეხმარება აშშ–ს, დაიცვას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოება. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველომ მთავარი ნაბიჯები გადადგა ნატო-ს სტანდარტების მისაღწევად, ამაში შედის დემოკრატიული ღირებულებები და ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რათა მიიღოს საქართველოსთან დაკავშირებით მომავალი გადაწყვეტილებები”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა ხალხთაშორისი ურთიერთობების გამტკიცების აუცილებლობას. აქვე აღნიშნა, “აშშ–მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო ადვილი იყოს აშშ-ში გამგზავრება. საელჩოს საშუალებით ჩვენ ვეხმარებით ათასობით მასწავლებელსა და სტუდენტს, ისწავლონ ინგლისური და ისწავლონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ნაშუადღევს მე გამოვაცხადებ დეტალებს, რათა გაუადვილოს სეპარატისტული რეგიონის ზონების მოსახლეობას აშშ–ში ვიზიტები.
ჩვენ ამას ვხედავთ როგორც წინ გადადგმულ ნაბიჯს, რათა მოვახერხოთ სამართლიანი და მშვიდობიანი მოგვარება იმ კონფლიქტების, რომელიც საქართველოშია. ჩვენ ვმუშაობთ ხალხთაშორისი ურთიერთობების აღდგენაში. აშშ ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ერთიანობის მხარდაჭერრის საკითხში. ჩვენ ვუარყოფთ რუსეთის ოკუპაციას და მილიტარიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ”, – განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
შეგახსენებთ, აშშ–ის სახელმწიფო მდივანი საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრას ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი ძირითადი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ასევე ეკონომიკის, ენერგეტიკის და ვაჭრობის სფეროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და ხალხთაშორისი და კულტურული თანამშრომლობის სამუშაო შეხვედრა.
ჰილარი კლინტონი კავკასიური ტურნეს ფარგლებში ბათუმში გუშინ სომხეთიდან ჩამოვიდა.